ქობულეთის ინციდენტში მონაწილე სამ პირს, 100-100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამი პირი დამნაშავედ ცნო. როგორც სასამართლოდან ნეწს.გე-ს აცნობეს, 11 სექტემბერს, ქობულეთში, აღნიშნული პირები კამათობდნენ, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ ხმამაღლა.
"2014 წლის 12 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოდან შემოსული მასალები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ა.გ-ს, ა.ყ-ს და ნ.ყ.-ს მიმართ, გადაცდომაზე რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლებით, წვრილმანი ხულიგნობა, რაც შემდეგში გამოიხატა: 2014 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე აღნიშნული პირები ერთმანეთში კამათობდნენ, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ ხმამაღლა.
სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების დასაბუთებულობა და სამივე პირი დამნაშავედ ცნო სამართალდამრღვევებად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნათ ჯარიმა, 100-100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.