"მეშინია ჩემს შვილს არ დაუშავონ რამე. ჩემი ქმარი დაპატიმრებულია, ახლა ალბათ მე მიპირებენ დაჭერას"- ვინ ემუქრება მოშიმშილე პატიმრის მეუღლეს?

"მეშინია ჩემს შვილს არ დაუშავონ რამე. ჩემი ქმარი დაპატიმრებულია, ახლა ალბათ მე მიპირებენ დაჭერას"- ვინ ემუქრება მოშიმშილე პატიმრის მეუღლეს?

   ივერიონს ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის გიორგი ანდრიაძის მეუღლე, თამილა გოქაძე დაუკავშირდა და მისი ოჯახის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების საჯაროდ გამოქვეყნება გვთხოვა.  ქალბატონის მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ:

   -"ამ დროისთვის სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. პოლიციის განყოფილებიდან პირადად  ჩემზე თვალთვალი გაორმაგებულია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში დამყვებოდნენ უკან პოლიციელები, ამის მოწმეებიც არსებობენ, სადაც კი გავედი ყველგან იქ მედგნენ, ჩემს მანქანას გამოეკიდნენ, ოღონდ დალაპარაკების მცდელობა ნამდვილად არ ყოფილა. წუხელ ღამით კი,  დაახლოებით ორის ნახევრიდან ორ საათამდე ჩემი კორპუსის ეზოში შემოვიდა პიკაპის  მარკის მანქანა, რომელშიც 4 პოლიციელი იჯდა. ამაზე ყურადღება ნამდვილად არ მიმიქცევია, მაგამ მანქანა გავიდა დ მეორედ შემოვიდა, ერთ-ერთი პოლიციელი გადმოვიდა მანქანიდან, ნელ-ნელა გახოხდა და მოვიდა ჩემს ფანჯარასთან  (მე პირველ სართულზე ვცხოვრობ) და დააპირა ფანჯარაზე ამოსვლა, ეს რომ დავინახე ავტეხე ყვირილი, ეს მთელმა უბანმა გაიგო. ამ დროს პირიქით, აქეთ  მომაყენეს შეურაცხყოფა,  შენ ვინ გეკითხება, სადაც მინდა იქ დავდგებიო, სახლში ჩემთან ერთად ჩემი დედამთილიც იმყოფებოდა და ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეს.  ერთი გამიშვი-გამატარე იყო, იყო მუქარებიც, ძალიან დიდი შიშის ქვეშ ვარ და არ ვიცი რა უნდა ვქნათ, ვის მივმართოთ, რა გავაკეთოთ. მე უკვე საკუთარი თავის მეშინია, რადგან მტრად აღმიქვამენ იმისთვის, რომ უდანაშაულო ქმრის გასათავისუფლებლად უკან არაფერზე ვიხევ. იმის კი არ მეშინია, რომ  მე რამეს დამიშავებენ,  ჩემს მეუღლეს არ დაუშავონ ციხეში რამე, ამაზე ვნერვიულობ. 

   დღეს დავწერე  განცხადება და პროკურატურაშიც შევიტან, ამ საქმეს ვინმემ ხომ უნდა მოკიდოს ხელი.  მე ან ჩემი ოჯახის წევრს რამე არ დაგვიშავონ.  ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, მე რომ ისინი არ შემემჩნია და აჟიოტაჟი არ ამეტეხა, სახლში რაღაცას შემომიგდებდნენ.

   ჩემმა დედამთილმა წუხელ გენ-ინსპექციაშიც დარეკა, ზარი დაფიქსირებულია. მართალია ისინი გაიქცნენ და მე მათი სახელი და გვარები არ ვიცი, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად შემიძლია. ის შავგრემანი ბიჭი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლურჯი ფერის  მაისური ეცვა.

   -გასაგებია რომ  განცხადება დაწერეთ და საჩივრის შეტანას აპირებთ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?

  -მე ვარ სრულიად მარტო, პროკურატურაა თუ პოლიციაა, ყველა მიცნობს, ყველამ იცის ვინ ვარ, ჩემი და ჩემი ოჯახის უფლებები პოლიციელების მხრიდან ირღვევა, იზღუდება, არ ვიცი რა გავაკეთო. ვიღაცამ ხომ უნდა მოკიდოს ამ საქმეს ხელი და ვიღაცამ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება.  ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს  და დახმარებას დამპირდა. ეს მათი საქმეა.

  ქუჩაში ვეღარ გავდივარ, გზაზე გადასვლის მეშინია რამე არ დამიშავონ,  მუქარები მოდის თუ არ გაჩერდები... მაგათი უფროსიც ხომ არსებობს ვიღაც.

 თუ რაიმე ზომები არ იქნა მიღებული, არ  ვიცი დღეს ან ხვალ რა მოხდება.  დღეს გელაპარაკებით და ხვალ შეიძლება საერთოდ არ ვიყო. მეშინია ჩემს შვილს არ დაუშავონ რამე. ჩემი ქმარი დაპატიმრებულია, ახლა ალბათ მე მიპირებენ დაჭერას!..

 

   თამილა გოქაძესთან საუბრის შემდეგ ივერიონი არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, ნატალია ხოხიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ პირადად დაუკავშირდა პატიმრის მეუღეს, შეხვდა, გაესაუბრა და ადგილზე ჩავიდა მასალების გასაცნობად.

   -" 25 აპრილს ქალაქ ქუთაისის მე-3 განყოფილებამ დააკავა ქურდობაში ეჭვმიტანილი გიორგი ანდრიაძე, რომელიც არ ეთანხმება ბრალდებას და თავს უდანაშაულოდ თვლის, მან დაკავების დღიდან რამოდენიმეჯერ იშიმშილა ქუთაისის ციხეში და სამართლიან გამოძიებას ითხოვს, პირველად დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა შიმშილობა, მეორედ 27 დღე და გუშინ შეწყვიტა.

   ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ფაქტის შესახებ სააგენტო ,,ივერიონიდან" შეიტყო, ბუნებრივია ამის შემდეგ დავუკავშირდით დაკავებულის ოჯახის წევრებს და გავეცანით მის  საქმეს.

   საქმეში უამრავი ხარვეზია, რაც არასრული გამოძიების შთაბეჭდილებას ტოვებს, იქმნება ისეთი შეხედულება რომ პოლიციას ოღონდ ვინმესთვის ,,შეეტენა" ეს საქმე და არ აინტერესებდათ ამით ვინმეს უფლებას თუ დაარღვევდნენ.

   ერთადერთი მიზეზი, რითაც გამოძიებამ გიორგიზე მიიტანა ეჭვი არის ის, რომ დაზარალებულის ოჯახში აღმოჩნდა დვდ დისკი გიორგის თითის ანაბეჭდით და რადგან გიორგი პრობაციონეტი იყო შსს-ს ბაზაში მისი ანაბეჭდები ინახებოდა, ამით დაკმაყოფილდნენ. გამოძიებას არ დაუსვამს შეკითხვა, თუ საიდან  აღმოჩნდა ამ დისკზე ეს ანაბეჭდი, დაზარალებულის ოჯახს მე არ შევხვედრივარ, მაგრამ ამ ოჯახის ახლობლებისგან ვიცი, რომ ის დისკებს ანათხოვრებდა და აქედან აღმოჩნდა ამ დისკზე გიორგის თითის ანაბეჭდი.

   ეს შემთხვევა გამოირჩევა არა მარტო იმით, რომ საქმე გვაქვს უკანონო დაკავებასთან, საქმე სასამართლოში იხილება და დარწმუნებული ვარ პროკურატურა ამ ბრალის დასაბუთებას ვერ შეძლებს, რადგან საკმაოდ სუსტი არგუმენტები აქვთ და დაცვის მხარე ამ შემთხვევაში შეძლებს ბრალდებულის გამართლებას, რადგან გიორგის ალიბიც აქვს როცა დანაშაული მოხდა, ის სახლში იყო და ამ ფაქტს ძალიან ბევრი ადამიანი ადასტურებს, არამედ გამოირჩევა იმითაც, რომ დაზარალებულის ჩვენებაც შეცვლილია საქმეში, იგი პოლიციელების მხრიდან შეცდომაში აღმოჩნდა შეყვანილი და ისეთ ჩვენებაზე მოაწერა ხელი როგორი ჩვენებაც მას არ მიუცია, საბედნიეროდ ის მზადაა სასამართლოში სიმართლე თქვას, რადგან სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით გამოიტანს მოსამართლე განაჩენს.

   გასაგებია გიორგი გამართლდება, მაგრამ ის გახდა მსხვერპლი არასწორი გამოძიების, პოლიციელების მხრიდან დღესაც გრძელდება ოჯახზე ზეწოლა, ასევე ზეწოლას ახდენენ დაზარალებულზე, რომ მან არ მისცეს ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება. ამ ყველაფრის შემდეგ და ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია, სამინისტროს გენერალური ინსპექცია ვალდებულია ყველა შემთხვევაზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ასეთი თანამშრომლები საკადრისად დასაჯოს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ხალხმა იგრძნოს, რომ  ჩვენ გვიცავს ჩვენი პოლიცია!"

 

   გიორგი ანდრიაძის საქმეზე და მის მეუღლეზე წინა თვეებში განხორციელებულ ზეწოლებზე დაწვრილებითი ინფორმაციაშეგიძლიათ იხილოთ:

 

   http://iverioni.com.ge/5574-quthaisis-cikheshi-patimari-shimshilobs-mis-meughles-ki-prokurori-emuqreba.html

 

   http://iverioni.com.ge/6461-patimarma-shimshiloba-ganaakhla-misi-meughle-ki-ambobsmec-davitsyeb-shimshilobas-thu-sikvdili-gvitseria-am-daundobel-qveyanashi-erthad-mainc-movkvdebith.html

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: