ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტმა და პრემიერმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ!
თუკი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმებულად მოქმედებას შეეცდებიან, მაშინ პრობლემა არ იქნება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამჯერად გაეროში გამგზავრების თემაზე წარმოიქმნა.
ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოქმედი კონსტიტუცია საგარეო სფეროში პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს იმგვარად განსაზღვრავს, რომ შესაძლებელი ხდება როგორც ერთის, ასევე მეორის მიერ მთელი რიგი მოქმედებების შესრულება. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხში პრეზიდენტი ბევრად მეტად არის შეზღუდული, ვიდრე მთავრობა, რადგან საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო შეთახმებების დროს, ხელშეკრულებების ხელმოწერისას პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა ესაჭიროება, ხოლო თავად მთავრობას პრეზიდენტის თანხმობა არ სჭირდება.
"აქ პრიორიტეტი აშკარად მთავრობას აქვს. არის ჩანაწერი, რომ "პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების დროს სახელმწიფოს წარმომადგენლობას ახორციელებს". იმავდროულად ასეთი უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეს იწვევს ისეთ რაღაცეებს, რისი მოწმენიც გავხდით, რაც სავსებით შესაძლებელია არ მომხდარიყო, თუკი იქნებოდა ერთნაირი ხედვა და შეთანხმებული მოქმედება. დღესაც, თუკი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეეცდებიან შეთანხმებულად მოქმედებას, თუ ვინ განახორციელოს წარმომადგენლობა – მან, ვინც მოცემულ მომენტში, მოცემულ ვითარებაში უკეთესად წარმოადგენს საკითხს, მაშინ პრობლემა არ იქნება", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.