ნიკოლოზ მჟავანაძე: მურმან დუმბაძეს აჭარის რეგიონში არეულობის შეტანა სურს!
"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე დირექტივებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან იღებს.
მჟავანაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე და მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე წლებია, გარიგებაში არიან მიხეილ სააკაშვილთან და ასე იცავენ საკუთარ ბიზნეს-ინტერესებს.
"მურმან დუმბაძის ბოლო პერიოდის აქტივობები აჭარის ხელისუფლებებს შორის არსებულ ვითარებაზე, უკავშირდება იმ დირექტივებს, რომელსაც მას აძლევენ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე.
მურმან დუმბაძეს სურს არეულობის შეტანა აჭარის რეგიონში. რამდენიმე დღის წინ ციხიდან გიგი უგულავას წერილი გავრცელდა, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ უნდა შეეტანათ არეულობა თბილისში. ეს ჯაჭვი მოდის აჭარის რეგიონამდეც. გარკვეული კომპრომატები ჰქონდა წინა ხელისუფლებას მურმან დუმბაძის მიმართ. მას და მის ძმას ნუგზარ დუმბაძეს მშვენივრად ჰქონდათ აწყობილი ბიზნესი და ის, რომ გარკვეული განცხადებები კეთდებოდა მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, არაფერს ნიშნავდა, რადგან იყო დანიშნული ოპოზიცია, დანიშნული მაგინებლები სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
დღეს მურმან დუმბაძე ყველანაირად ცდილობს, გაკეთდეს მისი მხრიდან განცხადებები, რათა არეულობა იქნას შეტანილი აჭარაში", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.