ოთარ დანელია რენო სალინს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალინს შეხვდა.
ფრანგული მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი ფრანსუა ვიელი წარუდგინა, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრჩეველის რანგში იმუშავებს.
"სოფლის მეურნეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის დარგი მაღალ დონეზეა განვითარებული, ეს დიდწილად სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის შედეგია. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და ჩვენი მხრივ მზად ვართ, მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფრანსუა ვიელის ხანგრძლივი მივლინება თქვენს სამინისტროში",- განაცხადა რენო სალინმა.
დანელიას თქმით, დღეს ჩვენი ხელისუფლება დიდი გამოწვევების წინაშე დგას:
"ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DჩFთA) შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საფუძველი ოპტიმისტური განწყობისათვის. სამთავრობო დონეზე უკვე შემუშავებულია 3-წლიანი სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ის ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებით გვეკისრება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.