ალექსი პეტრიაშვილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რიგაში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
მხარეებმა უელსში გამართული სამიტის შედეგებზე იმსჯელეს. ჯეიმს აპატურაიმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღებული პაკეტი არის შინაარსობრივად მაქსიმალურად დატვითული და ახლა ალიანსი იწყებს მისი გადაწყვეტილებების განხორციელებას. კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალისთვის დაიდება კონკრეტული შედეგები საქართველოში თავდაცვის შესაძლებლობათა მისიის გახსნის კუთხით და ამისათვის ნატოს ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ დაიშურებს.
მხარეებმა ისაუბრეს პაკეტით გათვალისწინებული საკითხების დროული განხორციელების აუცილებლობაზე. ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ალიანსის მზაობა გამოცდილების გაზიარებისა და პაკეტით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანი განხორციელებისთვის დახმარების თაობაზე.
ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტისა და კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ორგანიზებულია ლატვიის ტრან-ატლანტიკური ორგანიზაციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ.