ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკური რეალობა რისკებთან ერთად მნიშვნელოვან შანსებსაც სთავაზობს!

ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკური რეალობა რისკებთან ერთად მნიშვნელოვან შანსებსაც სთავაზობს!

   "საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკური რეალობა რისკებთან ერთად მნიშვნელოვან შანსებსაც სთავაზობს - გახდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე" - განცხადებას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ის პირად გვერდზე აკეთებს:


  "ერაყსა და სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია, "ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო" ამერიკული, ევროპული, იგივე არაბული მედიის აღიარებით დღეს ნომერ პირველი საფრთხეა და აქტიურად მიმდინარეობს გლობალური კოალიციის შექმნა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად აშშ-ის, ევროპის, არაბული ქვეყნების, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით. ეს არის საფრთხე, რომელმაც აშშ აიძულა, ნაწილობრივ უკან დაეხია ირანის წინააღმდეგ სანქციებისგან და ამ ბრძოლაში აშშ და ირანი ერთგვარ მოკავშირეებად გვევლინებიან.


  ამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დიდ ნაწილს ჩრდილო კავკასიიდან და პანკისის ხეობიდან გამოსული ჯიჰადისტები შეადგენენ. ისინი აიძულებენ დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობას, მასობრივად მიიღონ სუნიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთბაშად ანადგურებენ ათასობით ადამიანს, მთელ სოფლებს და დასახლებულ პუნქტებს.

  ერთი კვირის წინ ამ ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელდა მოწოდება კავკასიის "გაწმენდის" თაობაზე, რაც რეალური საფრთხეა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის: რუსეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ა.შ. თურქეთის მოსაზღვრე რაიონები კი კარგა ხანია, განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმშია გადაყვანილი მეზობელ ერაყში "ისლამური ტერორისტული სახელმწიფოს" ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

  უელსის სამიტზე გაჟღერებულმა თემამ საქართველოში NATO-ს სასწავლო-საწვრთნელი ბაზის თაობაზე შეიძლება სრულიად რეალური შინაარსი შეიძინოს: კავკასიაში სულ უფრო მზარდი ჯიჰადისტური მოძრაობა ისლამური ტერორიზმის ერთ-ერთ არტერიად იქცა. ამ საფრთხეს აქვე უნდა მოევლოს. ამიტომ საქართველოში უნდა შეიქმნას ტერორიზმის კვლევის ცენტრი ამერიკის და რეგიონის ქვეყნების - რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. პარტნიორობით. სადაც ისლამური ტერორიზმის საფრთხესთან გასამკლავებლად აშშ-მ ირანთან გამონახა საერთო ენა, რატომ არ შეიძლება, ეს იდეა სრულიად რეალისტურ და სიცოცხლიაუნარიან ამოცანად იქცეს?! შექმნილ სიტუაციაში, ეს რეგიონის მშვიდობიანი განვითარების და აქ დიდი ქვეყნების ინტერესების თანაარსებობის გარანტიებსაც შექმნის და საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი ფარი იქნება.
ესაა საქმე და არა იმის გარკვევა, ვინ ვის უნდა დაჰკიდოს "მენდალი", - წერს ლაგაზიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: