ირაკლი ღლონტი:- "ეს სანახაობა დიდი ხანია მობეზრდა საზოგადოებას"
"2014 წლის 2 ოქტომბერს პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები'' საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავენ აქციას ,,ხელისუფლების მეორე წლისთავი'', რომლის მიზანია საჯაროდ შეფასდეს ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების საქმიანობა 2 წლის თავზე.
ილუსტრირებული იქნება ყველა წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ აუსრულებელია, თუმცა ობიექტურობიდან გამომდინარე მზად ვართ გავასაჯაროოთ მიღწევები, რომელიც 2 წლის მანძილზე განვითარდა საქართველოში"-ნათქვამია "რეფორმატორების" საზოგადოებისადმი მიმართვაში.
აქციის თემასთან დაკავშირებით "ივერიონი" "რეფორმატორების" პარტიის ლიდერს ირაკლი ღლონტს დაუკავშირდა. უფრო დაწვრილებით და დეტალურად კი ინტერვიუდან შეიტყობთ
- პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორები" 2 ოქტომბრის აქციას აანონსებთ. რამ განაპირობა ამ აქციის ჩატარება?
დიახ, გადავწყვიტეთ საჯაროდ შევაჯამოთ ხელისუფლების 2 წლის საქმიანობა, ეს აუცილებელიც არის, რადგან პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მოახდინოს საზოგადოების სწორად ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან მიმართებით, სხვა შემთხვევაში მოსახლეობა ვერ იღებს სრულყოფილ ინფორმაციას და ყველა თოქ-შოუში გამართული პოლიტიკური დებატი მხოლოდ პარტიებს შორის დაპირისპირებაა და მეტი არაფერი, ისინი ერთმანეთს აბრალებენ ხან სიმართლეს ხან სიცრუეს და ეს სანახაობა უკვე დიდი ხანია მობეზრდა საზოგადოებას, მათ უფრო მეტად აინტერესებთ ქვეყნის გამოწვევები, პრობლემები და მისი გადაჭრის გზები, ქვეყნის როგორც საგარეო პოლიტიკა (საკმაოდ გაურკვეველი) ასევე საშინაო საკითხები, მოკლედ რომ ვთქვა, სანახაობა აღარ არის საინტერესო, ადამიანებს სჭირდებათ პური, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ჩვენ მზად ვართ ყველა აუსრულებელი დაპირება გავაცხადოთ და ამასთან ერთად ავღნიშნოთ სიკეთეებიც.
- მხოლოდ "რეფორმატორები" იქნებიან აქციაზე თუ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებსაც ვიხილავთ ? -შეუძლიათ თუ არა სხვა პარტიებს შემოგიერთდნენ ან თავად თუ შესთავაზებთ რომელიმე პარტიას გაერთიანებას, ერთად დგომას?
აქცია, რომელიც უფრო საჯარო-შემეცნებითი ღონისძიების სახეს ატარებს იმართება ,,რეფორმატორების"" ეგიდით, თუმცა არ გამოვრიცხავ მასში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლება, ეს უფრო საინტერესო იქნება, ჩვენ თითოეულ მონაწილეს მივცემთ საშუალებას გააცხადოს თავისი ორგანიზაციის ხედვა და შეაჯამოს ხელისუფლების მოღვაწეობა. მე აუცილებლად მივმართავ მათ მონაწილეობის მისაღებად.
ობიექტურობიდან გამომდინარე მზად ვართ გავასაჯაროოთ მიღწევები, რომელიც 2 წლის მანძილზე განვითარდა საქართველოში-ნათქვამია ანონსში, თუ იცით უკვე რა მიღწევებზე ისაუბრებთ?
დიახ, ობიექტურობა და სიმართლე ეს ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების წესი იყო და ისევ რჩება, ახლა ამ უნარს პოლიტიკურ საქმიანობაში ვიყენებთ, ჩემი აზრით საზოგადოებას გვჭირდება ძალები, რომლებსაც გააჩნიათ სწორი შეფასების უნარი და ობიექტურად ასაჯაროვებენ მოვლენებს, ეს უფრო საინტერესოა და უფრო მოთხოვნადი, ვიდრე მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ტალახის სროლა. ეს ,,რეფორმატორების"" მუშაობის სტილი არ არის. ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებით აქციაზე ილუსტრირებული იქნება ყველა პროექტი, რომლებიც მოქმედმა ხელისუფლებამ განახორციელა, პირადად მე ძალიან ვაფასებ იმ სიკეთეს, რასაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხი ქვია, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, ეს ჩვენთვის, პოლიტიკური ოპოზიციისათვის მნიშვნელოვანია და არ ვაპირებ დავუკარგო ეს მიღწევა ხალხს და ამ მიღწევის დაცვა ხელისუფლებას, სამწუხაროდ იგივე არ შემიძლია ვისაუბრო ეკონომიკაზე, განვითარებაზე, სოციალურ თემებზე, გვაქვს არგუმენტირებული შენიშვნები, რომელზეც აქციაზე ვისაუბრებ და საჯაროდ გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ შემაჯამებელ აქტს.
- პ/გ "თეთრები" მთავრობისგან 1 ოქტომბერს ანგარიშის ჩატარებას მოითხოვს. თქვენც მთავრობის რეაგირებას ელით თუ ეს სიმბოლური აქცია იქნება?
სამწუხაროდ არ ვფლობ ინფორმაციას ამ პოლიტიკური ძალის მოთხოვნასთან მიმართებით, მაგრამ აი ხომ ხედავთ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება გაიგონ სიმართლე, გაიგონ რამდენად ქმედუნარიანია ხელისუფლება, რომელსაც 2 წლის წინ მოსახლეობისაგან საკმაოდ სოლიდური ლეგიტიმაცია გააჩნდა, ეს სამწუხაროდ შეცვლილია და საზოგადოება მოცულია ნიჰილიზმითა და იმედგაცრუებით, ადამიანებს 2 წლის წინ შეეძლოთ ოცნება, დღეს ესეც შეუძლებელი გახდა. არ ვიცი რამდენად იქონიებს მთავრობაზე ეს აქცია გავლენას, თუმცა ჩვენ არ ველოდებით მათ რეაქციებს, ჩვენ თითოეული ღონისძიება თუ აქცია მიმართული გვაქვს საზოგადოების მოთხოვნილების შესაბამისად, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ხალხი, ჩვენ მალე საპარლამენტო არჩევნები გველის, ჩვენ უნდა დავიწყოთ განახლება - ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი ტოტალურ უმუშევრობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, არაპროფესიონალიზმსა და სიმართლეს შორის. სახელმწიფო მმართველობა ხელში უნდა აიღოს პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პროფესიონალიზმის ხარჯზე თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან ერთად უზრუნველყოფს ეფექტურ ადმინისტრირებას.
- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კანცელარიასთან რამდენიმე აქცია ჩატარდა, თუმცა საკმაოდ მცირერიცხოვანი. რეფორმატორები შეძლებენ ხალხის გამოყვანას? -რატომ დააანონსეთ აქცია 15 დღით ადრე?
გასაგებია, რომ მცირერიცხოვანი აქციები იმართება კანცელარიასთან, მაგრამ მთავარია ეს არ არის, მთავარია რა საკითხებზე უწევთ პარტიებს თუ სხვა საზოგადოების წარმომადგენლებს ქუჩის აქციების გამართვა. როგორც ზემოთ გიხსენეთ საზოგადოება იმედგაცრუებულია და უკვე ქუჩაში გასვლის ინიციატივებსაც უარყოფითად აფასებს, ისინი ელოდებიან ახალ რეალურ პოლიტიკრ ძალას, ახალ სახეებს, ახალ სისხლს პოლიტიკაში, რომელსაც ქუჩაშიც გაჰყვებიან და მომავალ არჩევნებზეც სოლიდურად დაუჭერენ მხარს, ეს პროცესი შეუქცევადია და სიტუაციაც წინასწარმეტყველებადია, ამას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს, მთავარია ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა სწორად წარვადგინოთ თავი, ცრუ დაპირებების, იაფფასიანი პოპულიზმის ნაცვლად კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია უნდა წარვუდგინოთ საზოგადოებას, აქ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი არსებობა, მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს მედიამ და ზოგადად ჟურნალისტთა კორპუსმა და ხელისუფლების დისკრიმინაციული მიდგომა თუნდაც რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველამ ვნახეთ აღარ უნდა გაგრძელდეს, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს საქმიანობის თანაბარი პირობები და გარემო, ყველამ უნდა შესძლოს სათქმელის ამომრჩევლებამდე მიტანა. 15 დღის მანძილზე ვიმუშავებთ, რომ მაქსიმალურად ობიექტურად იქნას ღონისძიება ჩატარებული, ჩვენ ამ ღონისძიებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.
- და ბოლოს, როგორ ფიქრობ, რაიმე შედეგი დადგება? თუ არაფერი შეიცვალა, როგორი იქნება თქვენი რეაგირება და სამომავლო ნაბიჯები.
დღეს ჩვენი ქვეყანა დგას იმ რთული გამოწვევების წინაშე სადაც ახალი რეფორმატორული იმპულსები აუცილებელი გახდა ინსტიტუციონალური ცვლილებებისათვის. ქვეყანა დგას ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის უმძიმესი რისკებისა და გამოწვევების წინაშე. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სახეზე გვაქვს არაეფექტური ადმინისტრირება, რის შედეგადაც ქართული ეკონომიკა განიცდის ვარდნას, ტოტალური უმუშევრობის პირობებში ხდება უცხოელი ინვესტორების მასიური გადინება, უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს, კარგავს სახლს, კარგავს იმედს, დაკარგა ოცნებაც. საშუალო ფენა, რაც სახელმწიფოებრივი განვითარების და მდგრადობის უმთავრესი ღერძია პრაქტიკულად არ არსებობს, დღითიდღე მატულობს ქვეყანაში უმუშევრობა, სოციალურად დაუცველთა და უსახლკაროთა რიცხვი, რომელთაც მხოლოდ ქუჩის უსახლკაროთა თავშესაფრებს - კარვებს ვთავაზობთ. დღეს, ისევე, როგორც არაერთხელ საქართველოს ისტორიაში, ჩვენ სახემწიფობრიობას რეალური საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო საზღვრები დარღვეულია, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი კი ოკუპირებული, ეკონომიკის განვითარება შეფერხებულია და საზოგადოება მოიცვა უნდობლობამ, ნიჰილიზმმა და იმედგაცრუებამ.
მე არ ვთვლი, რომ მოქმედი ხელისუფლება გადავა სიმართლის რელსებზე და დაიწყებს განახლებას, მათ ეს შანსი უკვე გაუშვეს, მაგრამ არ ვაპირებთ ლოდინს და უმოქმედობას, ეს იგივე დანაშაული იქნება საზოგადოების წინაშე, რომელსაც ,,ქართული ოცნების"" ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას და მომავალ არჩევნებზე აუცილებლად ვიზეიმებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.