მერიისა და "თბილისის მიკროავტობუსის" შეთანხმების დეტალები
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და კომპანიას ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა.
"ჩვენი მოთხოვნაა ამ კომპანიის მიმართ, ისევე როგორც სხვა კომპანიების მიმართ, რომლებსაც ჩვენ მოვუსმინეთ და მომავალშიც მოვუსმენთ, არის უცვლელი, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, მოხდეს მისი გადახედვა. დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა არც ისე მაღალია, ამიტომაც ვთვლით, რომ მოსახლეობისთვის უნდა იყოს ადეკვატური და მისაღები ტარიფები. ჩვენ ვატარებდით მონიტორინგს, რომლის შედეგითაც კმაყოფილები არ ვართ.
როგორც გამოჩნდა, ინდივიდუალურად, მძღოლების სურვილზეა დამოკიდებული ჩართავენ თუ არა კონდიციონერს. ჩვენთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი და იქ სადაც პრობლემებია მომსახურების მხრივ, კომპანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის მოსაგვარებლად. თბილისის მოსახლეობას გააჩნია გარკვეული პრეტენზიები სერვისის ხარისხთან დაკავშირებით. მგზავრთა გარკვეული ნაწილი დგას ფეხზე და უქმნის დისკომფორტს იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან. ცალკეული უბნები იქნა წარმოდგენილი გამგებლების მიერ, სადაც მიკროვატობუსების ხელმისაწვდომობა არასაკმარისია. შევთანხმდით, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნება და მგზავრები ფეხზე აღარ იდგებიან. მომდევნო წლის გაზაფხულიდან ჩაირთვება კონდიცირების სისტემა, რათა ეს პრობლემა მოიხსნას მგზავრებისთვის. ბოლო გაჩერებებზე მოხდება სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და სველი წერტილების განთავსება, ხოლო რაც შეეხება მგზავრობის ფასის გადახედვის საკითხს, ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა თუ რამდენად შესაძლებელია ტარიფების ცვლა" – განაცხადა დავით ნარმანიამ.