"საიას" სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

"საიას" სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

  საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელი მოსწავლეები ზოგადი განათლების მისაღებად დაწესებული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. აღნიშნულზე ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

  2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა. სარჩელი შეტანილი იყო ახალქალაქში მაცხოვრებელი 6 უცხოელი მოსწავლის (რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები) სახელით.


  საიას აზრით, ზოგადი განათლების მისაღებად უცხოელებისათვის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა.

  "ვინაიდან სასკოლო ვაუჩერს საქართველოს მოქალაქეები უსასყიდლოდ იღებდნენ, ხოლო უცხოელები ამისთვის საფასურს იხდიდნენ, ამით სხვა ქვეყნის მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული.


  გარდა ამისა, საიას მიაჩნდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლს, სადაც მითითებულია, რომ განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება ყველას და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის უფლებას წარმოადგენს.

    საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ უდავოდ პროგრესულ გადაწყვეტილებას (ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან) და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წარმატებას უსურვებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ 400-მდე მოსწავლეს, რომელთათვისაც დისკრიმინაციული საფასური სერიოზულ ტვირთს წარმაოდგენდა ზოგადი განათლების მიღების გზაზე." - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: