სოსო ცინცაძე: ,, პირად წყენასთან გვაქვს საქმე, თორემ მურმან დუმბაძეს ქვეყნის ინტერესები ნაკლებად ადარდებს!"

სოსო ცინცაძე: ,, პირად წყენასთან გვაქვს საქმე, თორემ მურმან დუმბაძეს ქვეყნის ინტერესები ნაკლებად ადარდებს!"

,,ივერიონს" ესაუბრა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.


-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ აჭარაში ბოლო დროს განვითარებულ  მოვლენებს? წინა პლანზეა აზიზიეს მეჩეთის თემა, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს, მურმან დუმბაძე შეეწირა?


-უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ისლამურ სახელმწიფოებს იუველირული სიფრთხილით უნდა მოეპყრან. არ შეიძლება ამ პოტენციური საფრთხის შეუფასებლობა და  არც ისე უნდა მოექცე, როგორც სპილოს  ჭურჭლის მაღაზიაში. საქართველოში, ამ ბოლო დროს,  იმდენი ისლამური ლიცეუმი იხსნება, სხვაგან ამას იდეოლოგიურ დივერსიად შეაფასებდნენ.
  მსოფლიოში არის ამგვარი პრეცენდენტიც, კემბრიჯ და ოქსფორდდამთავრებული ახალგაზდები რადიკალი ისლამისტები გახდნენ. ასეთი საფრთხე ჩვენთან ჯერ-ჯერობით არ არის, მაგრამ პრევენციული ზომების მიღება არ გვაწყენდა. 20-30 წლის წინ ინგლისსა და საუდის არაბეთშიც ვერ ხედავდნენ ამ საფრთხეს. სახელმწიფო მოღვაწის როლი სწორედ ისაა, რომ განჭვრიტოს, რა მოხდება 20-30 წლის შემდეგ, რათა  არავინ თქვას, ეს რა დეგენერატი პარლამენტი გვყოლიაო, თორემ რა ხდება  დღეს,  ამაზე  აქუბარდიას და ჩვენც შეგვიძლია ლაპარაკი.
   ბისმარკმა 1866 წელს, ავსტრიის დამარცხების შემდეგ, პრუსიაში კათოლიკე გერმანელების დასახლებაზე უარი თქვა. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა სისხლით ერთობა, არამედ რელიგიური, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ეთნიკური. 
-როგორც ცნობილია, ,,ქართული ოცნების" ცენტრალურმა პოლიტსაბჭომ მურმან დუმბაძე თავისი რიგებიდან გარიცხა. მიზეზი ასეთი იყო,  აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის დაპირისპირების მთავარ ხელოვნურ ინსპირატორად მურმან დუმბაძე დასახელდა. თქვენ რა აზრის ხართ ამის შესახებ?
  -რა გითხრათ? ის, თუ როგორ ხდება კადრების სელექცია, კარგ ხასიათზე არ მაყენებს. ერთხელ ტელევიზიით ერთმა წამყვანმა ჩინოვნიკმა რელიგიურ საკითხებზე მსჯელობა დაიწყო. კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი, ის ჩინოვნიკი სტუდენტობისას, 15 წლის წინ, დიპლომატიური აკადემიიდან უსწავლელობის გამო გავრიცხეთ. ამის შემდეგ უნდა ვიკითხო, ჩვენ გვყავს კადრები, რომლებიც პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ?!
  აჭარის ინციდენტის თავი და თავი ნეპოტიზმი და კლანურობა იქნება. დღეს ყველაფერს პირადული განსაზღვრავს და სახელმწიფოს ინტერესები მხოლოდ დემაგოგიაა. როგორც ჩანს, დუმბაძის კადრები სადღაც  არ დანიშნეს. აქ პირად წყენასთან გვაქვს საქმე, თორემ  მას ქვეყნის  ინტერესები ნაკლებად ადარდებს.
  აჭარაში კი არა, თბილისშიც ასე არ ხდება? ფრჩხილით გადაფხიკეთ პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრების დანიშული კადრები და ნახავთ, რომ ყველა მათი ოჯახის წევრი, მეგობარი ან ნათესავია.

                                                                                  ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: