რას ურჩევს ივანიშვილს თამარ ჭოხონელიძე და ვინ დაინდო მომღერალმა
გაზეთ "ასავალ-დასავალთან" მომღერალი თამარ ჭოხონელიძე აცხადებს, რომ ხალხის საკეთილდღეოდ ჯერ გაკეთებული არაფერი ჩანს დ ა არც არაფერი შეცვლილა. მომღერალი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, რომ მოუსმინოს ხალხს და დაანგრიოს ის კედელი, რომელიც სპეციალურად აღმარტეს მავანთ და მავანთ ივანიშვილსა და საზოგადოებას შორის.
-"ვიცი ვინც არიან ის ადამიანები, რომლებიც ასე ოსტატურად აშენებენ კედელს არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ბიძინას შორის, არამედ ხელისუფლებასა და ხალხს შორის. დღეს მათ დავინდობ და არ ვიტყვი ვინ როგორ იყენებს საკუთარ გავლენას და თანამდებობებზე მოკალათებულნი როგორ სარგებლობენ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ნდობით, მაგრამ მერწმუნეთ დადგება დრო და თავად წარმოჩინდება მათი ბინძური საქმენი საგმირონი".
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მომღერალი შეშინებული და დაბნეულია. მისივე თქმით, მართალია ბევრი ღირსეული და ნიჭიერი ადამიანი მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და მოსწრებაზე არიან რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭონ თანამდებობაზე ყოფნისას.
ჭოხონელიძე არც შიდა დაპირისპირების თემას ტოვებს გულგრილად და აცხადებს:
-"ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულან და ერთმანეთს ჭამენ... ტელევიზორის ყურება აღარ მინდა, მერიდება იმ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, ვინც ჩვენთან ერთად მრავალათასიან მიტინგებზე საათობით იდგა იმის იმედით, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში შეიცვლებოდა... გულწრფელად გითხრათ ბოლო დროს ხშირად მომსვლია თავში აზრად- ნეტა ამ ქვეყნიდან წამიყვანა და უკან აღარ მომახედა მეთქი, დიახ, აღარ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ფეხმძიმე ქალებს თელავენ, სადაც პროფესიონალიზმსა და ღირსებაზე მეტად მლიქვნელობა ფასობს...".