გია ვოლსკი: მურმან დუმბაძემ სპიკერატში ადგილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერით დაიკავა!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა განმარტებით, თავის დროზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე მურმან დუმბაძე აჭარის დეპუტაციის მხრიდან "ქართული ოცნების" წევრობის გამო იყო მხარდაჭერილი. ეს არის არგუმენტი, რომლის საფუძველზეც უმრავლესობის ლიდერები აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან დუმბაძის შეცვლას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
"ის, რომ "ქართული ოცნების" კვოტით უნდა იყოს სპიკერატში, თვითონაც კარგად ესმის. დუმბაძე წარდგენილი იყო "ქართული ოცნების" კვოტით და აჭარის დეპუტაციას აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია – განპირობებული უმრავლესობის მიერ.
მურმან დუმბაძემ იმიტომ დაიკავა სპიკერატში ადგილი, რომ იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და არაფერი სხვა. საწყისი იყო აი ეს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, რომლის ცნობითაც, დუმბაძის გარიცხვასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ფორმალური პროცედურა დაასრულა და ის ფრაქციის წევრი აღარ არის.
მურმან დუმბაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი აჭარის დეპუტაციის კვოტით არის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი გამოწვევა ამ თანამდებობიდან აჭარის დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.