პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა.
აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ალ მუშრიფის სასახლეში აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდება. ტახტის მემკვიდრე საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითისთან, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან.
აბუ-დაბიდან ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ქალაქ რას ალ ხაიმას, სადაც საქართველოს დელეგაციას შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი უმასპინძლებს.
საქართველოს დელეგაციაში შედიან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.