ზაზა ხატიაშვილი: გაოგნებული ვარ განხორციელებული ძალადობრივი კამპანიის გამო!

ზაზა ხატიაშვილი: გაოგნებული ვარ განხორციელებული ძალადობრივი კამპანიის გამო!

  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მურმან დუმბაძის კოალიციიდან გარიცხვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს: 
 
  "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების მიერ  პარლამენტის  ვიცე-სპიკერის  მურმან დუმბაძის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი კამპანიის გამო, რაც  შემაშფოთებული  ფაქტია. მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება" გადავიდა განსხვავებული აზრის უპრეცედენტო დევნაზე, რაც  სამოქალაქო საზოგადოებისთვის მოახლოებული დევნის სიგნალი უნდა გახდეს.

  საქართველოში, ბოლო ხანებში,  კომიკური  სიტუაცია  ვითარდება  ყველა იმ პირთან მიმართებაში, ვინც "ქართულ ოცნებას" გააკრიტიკებს, მაშინვე  ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტაშისმკვრელები ,,ქართული ოცნების" გამკრიტიკებელს ნაციონალებთან შეკრულ პერსონად აცხადებენ. "ნაციონალური მოძრაობის"  სტაჟიანი მხარდამჭერების მიერ მურმან დუმბაძის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად გამოცხადება (რომლებიც  დროებით ,,ქართული ოცნების" ნავში ჩახტნენ)   სამარცხვინო ფაქტია, განსაკუთრებით კახი კალაძის მხრიდან  ნამდვილი ბედის  ირონიაა. როდესაც  მურმან დუმბაძე  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უპრეცედენტოდ იდევნებოდა, კახი კალაძე  მიხეილ სააკაშვილის მანქანაში იჯდა, შვებულებისას მისი მასპინძლობით სარგებლობდა და ტოტო კუტუნიოს კონცერტს ბათუმში   მასთან ერთად ესწრებოდა. დღეს კახი კალაძე,  ბიძინა ივანიშვილს რომ  ასიამოვნოს, "ნაციონალებს" რეჟიმს ეძახის, ხოლო მურმან დუმბაძეს - "ნაციონალების" მხარდამჭერს.

  სააკაშვილის ხელისუფლება იმიტომ იყო მიუღებელი ქვეყნისთვის, რომ  საპირისპირო აზრის დევნა ხდებოდა. კოალიცია ,,ქართული ოცნება", რომელიც ძალით შეაკოწიწა ბიძინა ივანიშვილმა, ცდილობს, გარეგნულად შეინარჩუნოს  ერთობა, ამიტომ მთელი პოლიტიკური გუნდი დაუპირისპირდა მურმან დუმბაძეს, რომელმაც გაბედა, ივანიშვილ-ღარიბაშვილის  პროტეჟე აჭარის მთავრობის მეთაური  და  მისი კაბინეტი ემხილა კორუფციულ გარიგებებში.

  სავარაუდოდ, მმართველი კოალიცია ფიქრობს, ეს კეთილი საქმე რომ გადამდები არ აღმოჩნდეს კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტაციისთვის,  მურმან დუმბაძე სამაგალითოდ დასაჯეს, რაც  საქართველოს ხელისუფლების და მათი ტაშისდამკვრელების უსუსურობის მაჩვენებელია. საპარლამენტო უმრავლესობიდან არავის არ აღმოაჩნდა საღი აზროვნება, დაესვა კითხვა კოალიციის შეკრებაზე, მურმან დუმბაძის დასჯამდე  იქნებ ჯერ  შეესწავლათ  დეპუტატის  განცხადებაში მოყვანილი ფაქტები  აჭარის მთავრობის კორუფციული გარიგებების თაობაზე და შემდეგ დაესაჯათ მურმან დუმბაძე.

   პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის სამაგალითო  დასჯა მაჩვენებელია იმ ნეგატიური მოვლენებისა, რაც ხდება საქართველოს ხელისუფლებაში. იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაფაროს  ქვეყანში არსებული საშინელი კრიზისი,  გადავიდა კუდიანებზე ნადირობაზე. ეს პროცესი სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან  მე-4 წელს დაიწყო, ივანიშვილმა - ორი წლის თავზე, რაც ჩვენს ქვეყანას კარგს  ნამდვილად არ მოუტანს. საქრთველოს მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილის გუნდი  იმიტომ არ აირჩია, რომ მისმა ჩინოვნიკებმა 138 მილიონი ლარით  მეტი პრემია მიიღონ,  ვიდრე ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს.  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა  მიიღოს პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც  ხელისუფლების ვალდებულებაა.  ბიძინა ივანიშვილის  მხრიდან  სამართლებრივი დაპირებების შეუსრულებლობა,  განსაკუთრებით მოწმის სასამართლოზე დაკითხვის წესის გადავადება, პოლიციური რეიდები, რომელიც მთავრდება უდანაშაულო მოქალაქეთა შეურაცხყოფით, ჩინოვნიკთა გაბერილი პრემიები, რომელიც არ უნახავს საქართველოს უახლეს ისტორიას, ჩინოვნიკების ზღვარგადასული ფუფუნება უნდა გახდეს მთელი სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთების საგანი", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: