ალექსი პეტრიაშვილი: პრეზიდენტმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს მთავრობას!
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტს სჭირდება გაერკვეს იმაში, თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები.
მისი თქმით, მთავრობას მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ვაკუუმი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ ურთიერთობაში და ამ ვაკუუმის შესავსებად საჭიროა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ნება.
"პირველი არის ის, რომ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას ამ კომუნიკაციაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მეორე - რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პრეზიდენტს სჭირდება დახმარება იმის გარკვევაში, თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები. ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, ვინ ვისი გარანტია, ვინ - აღმასრულებელია. პრემიერის, მთავრობის გუნდის მხრიდან ასეთი მზაობა არის, მაგრამ ეს მზაობა დაყრდნობილი უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე.
საჭიროა, პრეზიდენტმა ყურადღებით მოუსმინოს მთავრობას, საკანონმდებლო ხელისუფლებას. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, საგარეო პოლიტიკაზე, რეფორმების განხორციელებაზე, აგრეთვე უმუშევრობის, ეკონომიკის გაჯანსაღებასა და ეკონომიკის ზრდაზე და არა იმაზე, თუ ვისი გარანტორია და ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.