ირაკლი ნადირაძე: საკრებულოს "ქართული ოცნება" 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს დაამტკიცებს!

ირაკლი ნადირაძე: საკრებულოს "ქართული ოცნება" 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს დაამტკიცებს!

  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საუბრობენ. თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ დღეს, საკრებულოს "ქართული ოცნება" 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს დაამტკიცებს.

   "დღეს თბილისის საკრებულოს ,,ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს 2003 წლის შემდეგ საქართველოში შედგენილ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს. ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც ნაცვლად მოსახლეობისათვის დაპირებების შესრულებისა, რეალურად ასახავს თბილისის ახალი მთავრობის უუნარობას, გაუმკლავდეს ქალაქში არსებულ პრობლემებს, არ შეიცავს არცერთ ახალ პროექტსა თუ პროგრამას და უფრო მეტიც, აუქმებს უკვე დამტკიცებულ ბევრ მნიშვნელოვან ინფრაქტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტს.

  12 575 400 ლარით სეკვესტრირებული ბიუჯეტი; ამის მიუხედავად მის შესასრულებლად კომერციული ბანკიდან აღებული 30 მილიონი ლარის ძვირი სესხი (ნაცვლად ცენტრალური მთავრობისთვის თბილისის კუთვნილი თანხების მოთხოვნისა); სახელმწიფოსათვის მუხიანის დასახლებაში მდებარე საწარმოო გაერთიანება ,,ორიონის" ტერიტორიაზე 176 279 კვ.მ მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა, შემდგომში მისი შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990"-სა და მისი დამფუძნებლის ავთანდილ საყვარელიძისათვის (რომლის უტოპიური იდეის გამო თბილისში რამდენიმე თვეში აეწყო ქართული ავტობუსი, დღეს ქალაქს ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები) ფაქტობრივად უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის #1169 განკარგულება);

  მხოლოდ ვიცეპრემიერის კახა კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძისათვის თანამდებობის შესაქმნელად ახალი, სპორტის საქალაქო სამსახურის შექმნა, რაც ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას იწვევს, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნათელი მაგალითების, რომლებიც ადასტურებს, რომ დავით ნარმანია და მისი მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებაზე უსაზღვროდ დამოკიდებული, მათი დავალებების შემსრულებელი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც ვერც მომავალში შეძლებენ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას. აღნიშნული კი ქალაქში იწვევს ბევრი პრობლემის შექმნას, რომლის მცირე ჩამონათვალიც გვინდა გავაცნოთ თბილისელებს.

1. წელს აღარ დაიწყება ახალი საბავშვო ბაღის შენობების მშენებლობა;

2. ქალაქში აღარ აშენდება მრავალსართულიანი ავტოპარკინგები;

3. გაუქმდა უკვე ჩატარებული სამშენებლო ტენდერი და აღარ გამაგრდება 32 მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლი;

4. აღარ მოხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა ან/და დასამთავრებელი შენობების მშენებლობა;

5. აღარ აშენდება 2 ახალი მედიათეკა:

6. აღარ აშენდება გმირთა მოედნიდან ლაგუნე-ვერეს მონაკვეთზე და ვაშლიჯვრიდან დიღმის მიმართულებით ხიდები,

7. არ გაიზრდება კომუნალური ვაუჩერის ოდენობა. არადა მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერებით სარგებლობის პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გაორმაგებული შეღავათებით (500 ლარი, დღეს არსებული 250 ლარის ნაცვლად).;

8. არ შემოაქვთ მათი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სოციალურად დაუცველ ოჯახებში შეძენილ ახალშობილებზე, კერძოდ, მათი დაპირებით: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ დაბადებულ ბავშვზე მიიღებენ 500 ლარიან ვაუჩერს, ხოლო ტყუპის შემთხვევაში ეს ვაუჩერი გაიცემა თითოეულ ბავშვზე ცალცალკე;

9. აღარ აშენდება მუნიციპალური ავტობუსების ახალი ავტოპარკი,

10. აღარ გრძელდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და მათი უსაფრთხოების კამერებით აღჭურვა;

11. მიუხედავად აქტიური დაპირებებისა არ არის გათვალისწინებული არანაირი სიახლე ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის, მწვანე საფარის გაუმჯობოსების კუთხით და მისი დაფინანსება მცირდება;

12. 1 550 000 ლარით მცირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსება. ძალიან გასაკვირია, რატომ მცირდება დაფინანსება, როდესაც გამოძახებების რაოდენობა მუდმივად იზრდება და პროპორციულად იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება დაგვიანებების თუ სხვა კუთხით.

13. მეწარმეობის მხარდაჭერის მუხლი მცირდება 3 500 000 ლარით, რაც დამწყები და მცირე მეწარმეებისათვის დახმარებაზე უარის თქმას ნიშნავს;

14. 200 600 ლარით მცირდება კალათბურთის ხელშეწყობის პროგრამა. ეს მაშინ, როდესაც კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სპორტის ამ სახეობას სახლემწიფოსაგან რეალური თანადგომა ესაჭიროება.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს მათ მიერ წინაასარჩევნოდ უხვად გაცემული დაპირებებიდან არც ერთ ახალ იდეას, შეთავაზების დაფინანსებას და პირიქით უკვე არსებული დოკუმენტის გაუარესებული ვარიანტია",- განაცხადა ნადირაძემ.

"ნაციონალური მოძრაობა"  "ქართულ ოცნებას" და თბილისის მერს  ბიუჯეტში სხვადასხვა სოციალური პროგრამის გათვალისწინებას სთავაზობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: