თემურ ხომერიკი: ლიტვური კომპანია კონსალტინგური მომსახურებით დაგვეხმარება

თემურ ხომერიკი: ლიტვური კომპანია კონსალტინგური მომსახურებით დაგვეხმარება

თბილისის განვითარების ფონდმა დღეს  ლიტველ სტუმრებს უმასპინძლა. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა ,,ივერიონთან“ საუბარში აღნიშნა, მათი შეხვედრა თბილისში გუშინწინ მოსულმა წვიმამ განაპირობა:

„დავათვალიერეთ ძველი თბილისის უბნები და დავრწმუნდით, რომ რესტავრირებულ უბნებშიც კი უარესი ვითარებაა, ვიდრე მოველოდით. დღეს ჩვენ ვიმკით იმას, რაც თავის დროზე დედაქალაქში არასწორად დაიგეგმა.

 



მოსულმა ნალექმა დატბორა მოზარდ მაყურებელთა თეატრიც, რომელიც თავის დროზე ,,ქართუს“ ფონდმა განაახლა, მაგრამ ვიღაცას მოუნდა და სარესტავრაციო სამუშაოები უხარისხო მასალით შეასრულა. ფაქტობრივად, ფილები და მინები შენობიდან ცვივა. კარგად ვიცით, როგორ სრულდებოდა მაშინდელი სამშენებლო სამუშაოები - უესკიზოდ, უპროექტოდ და ა.შ. როცა ჩვენ მოვინახულეთ დიუმას ქუჩა და გულიაშვილის მოედანი, დავასკვენით, რომ ინტენსიური წვიმები ამ უბნებს სავალალო დღეში ჩაყრიდა.

აქვე უნდა აღვნიშნო მოსახლეობის არასწორი დამოკიდებულებაც საკუთრების მიმართ. მათ სახლის სარდაფებში კაფეები თუ მაღაზიები გახსნეს, რის გამოც  ჩაიხერგა მსხვილი წყალგასავალი მილები, ხოლო, წვრილი წყლის დიდ ნაკადს სათანადოდ ვერ ატარებს.

აქედან გამომდინარე, თბილისის განვითარების ფონდმა გადაწვიტა მოეზიდა დონორები, განსაკუთრებით ევროპელი სპეციალისტები, რომლებიც გაგვაცნობდნენ ამ მხრივ თბილისში ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდებს.

 



მართალი გითხრათ, ევროპული კომპანიები ნაკლებად დაინტერესდნენ ჩვენი გამოწვევით, სამაგიეროდ გამოგვეხმაურა წარმატებული ლიტვური კომპანია, რომელიც ბიზნესკურსს ატარებს საქართველოში. ჩვენ დღეს შევხვდით ერთმანეთს, მათ შემოგვთავაზეს კონსალტინგური მომსახურება. ლიტვური კომპანია წლის ბოლომდე მოაწყობს ჩვენთან საქმიან შეხვედრა- კონფერენციასა და მეთოდურ გამოფენას და  დღეიდან ჩვენი ფონდი მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი პროექტებით იმუშავებს“ - განაცხადა თემურ ხომერიკმა.

 

                                                                    მოამზადა ია ჯღარკავამ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: