დავით ნარმანია:დაზარალებულ მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდიან!
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "ბოშების ბაზრობის" ადმინისტრაცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის. დავით ნარმანია ბაზრობის ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეებს ესაუბრა, შემდეგ კი ადმინისტრაციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელსაც ადმინისტრაცია მოვაჭრეებს გადაუხდის, ინდივიდუალურად განისაზღვრება.
"ვესაუბრეთ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მეწილეებს, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, რომ დაზარალებულ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ, დღესვე შედგება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და დაოქმდება ეს საკითხი, რათა კონკრეტულად დოკუმენტი გვქონდეს ხელთ და ამ დოკუმენტით იყოს განსაზღვრული, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს კომპანია.
გარდა ამისა, კომპანიას ბანკიდან დამატებითი ფინანსური რესურსის მიღების საშუალება აქვს. შესაბამისად, ამ ადამიანებს აღმოუჩენენ ისინი დახმარებას, მეორე ნაწილი მიღებული დაფინანსებისა მოხმარდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. უკვე ჰქონდათ მათ თბილისის მერიაში შემოტანილი პროექტი და ჩვენ ძალიან სწრაფად განვიხილავთ ამ პროექტს და მივცემთ თანხმობას ახალი ფორმით განაშენიანებასთან დაკავშირებით. ასევე, ადმინისტრაციას დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში დავეხმარებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.