ვახტანგ ჟორდანია: ნუ ვეთამაშებით იპოთეკარებს!
როგორც გუშინ ვიუწყებოდით, იპოთეკით დაზარალებულმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ამ ფაქტს პოლიტიკური პარტია „საქართველოს სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი ვახტანგ ჟორდანია ეხმაურება.
როგორც ჩვენთან საუბრისას ჟორდანიამ აღნიშნა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად და თან ძალიან სწრაფად, რადგან, მსგავსი თვითმკვლელობის ფაქტები საქართველოში ძალიან მომრავლდა!..
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი კრედიტები გაიცემა, რაც მოქალაქეებს გაუადვილებს ვალის დაფარვას.
ვახტანგ ჟორდანია: - მე დამიკავშირდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“, რომელიც იპოთეკით დაზარალებულთა საკითხზე მუშაობს. მათ მაცნობეს იმ საზარელი ფაქტის შესახებ, რომ დიდ დიღომში გამოსახლების დროს დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. მე, როგორც რიგითი მოქალაქე მივედი კლინიკაში დაზარალებულთან.
ვხედავთ, რომ ამ ბოლო ხანებში ადმაიანები თვითმკვლელობამდე მიდიან და არავინ არის ამაზე პასუხის გამცემი. ეს ისეთი პრობლემაა, რომ თუ სახელმწიფო თვითონ არ ჩაერია, ამის გადაჭრა ძალიან რთული იქნება - უნდა გაიცეს გრძელვადიანი სესხები. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს!
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, იპოთეკური სესხები მილიარდს ცდება, მაგრამ ამათგან, პრობლემური სესხები გაცილებით ნაკლებია.
გრძელვადიანი სესხები საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი თვითმკვლელობის მცდელობა და ადამიანები, ვისაც გამოსახლება ემუქრებათ, ანალოგიურ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ. დიახ, იპოთეკარებმა ჯერ უნდა დაფარონ იპოთეკური დავალიანება, შემდეგ კი ამ გრძელვადიან სესხს ეტაპოობრივად დაფარავენ - მე გამოსავალს ამაში ვხედავ!..
ვფიქრობ, მოსახლეობამ (ხელისუფლებასთან ერთად) ამ გზით უნდა სცადოს ამ პორბლემის მოგვარება - ეს ახალი არ არის მთელი მსოფლიო ამ პრონციპით ცხოვრობს. საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მაღალია და კრედიტის სარგებლის ვადა მცირე, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ 100 ათასი დოლარი გქონდეთ დასაბრუნებელი ერთ წელიწადში, სადღაც შვიდიათასის გადახდა მოგიეწევთ თვეში და ამ ერთ წელს რომ გადაგინაწილებენ 10 წელზე, სადღაც 700- 800 გამოვა, შესაბამისად პრობლემაც მოგვარდება...
მე არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ თითქოს ჩვენ ხელოვნურად ვეძებთ პრობლემას, არადა, თვალნათლივ ჩანს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია... მაგალითად როცა დაზარლებულს სააღმსრულებლოდან მიუვა უწყება იმის შესახებ, რომ მას ასახლებენ, ეს ადამიანი რამდენიმე დღით ადრე იწყებს საუბარს იმაზე, რომ გამოსახლების შემთხვევაში სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ერი და ისეთი დიდი ქვეყანა, რომ დასაკარგი მამულიშვილები გვყავდეს - თითოეული თანამოქალაქე მოსაფრთხილებელია. ამ ადამიანების უკან მათი ოჯახები, შვილები და მშობლები დგანან. ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობასთან.
ნუთუ აუცილებელია ამ ყველაფერმა მიიღოს ფართომასშტაბიანი აქციის სახე? ქუჩაში და სამინისტროებთან 10-15 კაცის ნაცვლად 100 ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს?!
ხელისუფლება რატომ არ ფიქრობს იმაზე, რომ ასეთი ფაქტებით პროვოცირებას ახდენს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე? მე არ ვარ მომხრე ვადამდელი არჩევნების, რადგან, ეს ისევ ჩვენს თანამოქალაქეებს დააზარალებს და ისევ მათ კისერზე გადავა.
არჩევნების წინა პერიოდში ჩვენი პარტიიდან კანდიდატი იყო გიორგი თავდგირიძე (ცნობილი ექსპერტი), ის არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოასახლეს, ასევე იმავე არჩევნების პერიოდში ლეიბორისტული პარტის ერთ-ერთი კანდიდატ მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოასახლეს, მე არ მესმის როგორ შეიძლება ესეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში ხდებოდეს?!
თაზო ბენიძე