უჩა ნანუაშვილი: მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება!

უჩა ნანუაშვილი: მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის  თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება!

   სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილი ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით,  ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა.

  "მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების უფლება და რელიგიის თავისუფლება. 2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა #13-ში მდებარე მუსლიმთა პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლელთან დაკლეს ღორი და მისი თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს. ადგილობრივი მართლმადიდებლები დღემდე ეწინააღმდეგებიან პანსიონის ამოქმედებას. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ შესასვლელი გზა და მოსწავლეებს არ ეძლევათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა. სახალხო დამცველის რწმუნებული ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდება და სწავლობს ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს. ადგილობრივი მუსლიმების განმარტებით, მოსახლეობის ერთი ჯგუფის შეუწყნარებელი ქმედებები პანსიონის გახსნის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

  სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა ზომას მიმართონ საიმისოდ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უზრუნველყონ მუსლიმი მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა, რეაგირება მოახდინონ მათ წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე და მათთვის გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე", - განმარტავს სახალხო დამცველი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: