ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფას ვერ მოგვაყენებენ და კიბერდანაშაულისაც არ შეგეშინდებათ!

ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფას ვერ მოგვაყენებენ და კიბერდანაშაულისაც არ შეგეშინდებათ!

  სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა, ან მუქარა დასჯადი ხდება,- ამის შესახებ გაზეთ "ალიას" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ესაუბრა.
"კიბერდანაშაულის მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2001 წლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2012 წელს მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტი კიბერსივრცეში ჩადენილ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს განსაზღვრავს, რომლის დასჯად გამოცხადება კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფოს ევალება.
 ამასთანავე, კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, შექმნან კიბერდანაშაულთან ბრძოლის შიდა ეროვნული სპეციალიზირებული დანაყოფები. საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავი, რომლის თანახმადაც,  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.
  აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და კიბერსაშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. გარდა ამისა, 2012 წელს მიღებული იქნა კანონი "ინფორმირებული უსაფრთხოების შესახებ", რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისთვის.
  2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას 2013-2015 წლებისთვის, რომელიც წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაწერილია დაგეგმილი ღონისძიებები.
თუ ვინმემ ინტერნეტსივრცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ მიმართოთ განცხადებით პოლიციას, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: 112 - უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ,: 41 12 96; 2 41 17 67",- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: