ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლება გლეხს ვაზის გაჩეხას აიძულებდა!
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანში "რთველი 2014"-ის საკოორდინაციო შტაბს სტუმრობდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლევანდელი რთველი შარშანდელზე უკეთესი იქნება.
ღარიბაშვილი შტაბის მუშაობას და რთველის მონიტორინგის შედეგებს ადგილზე გაეცნო. როგორც პრემიერს შტაბში განუმარტეს, კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეისთვის უკვე გადამუშავებულია 60 000 ტონამდე ყურძენი. გლეხები ყურძენს რიგებისა და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, უპრეცედენტოდ მაღალ ფასებში აბარებენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება მოხდა. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს. ამ ეტაპზე რეალიზებულია 91 მლნ ლარზე მეტი ყურძენი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რთველის წარმატება დიდწილად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით, 2013-2014 წლებში სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დასეტყვილ და გვალვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო კომპანია იბარებს, რაც გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"წინა ხელისუფლება გლეხს ვაზის გაჩეხას აიძულებდა. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარება მიზერულ ფასებში უწევდა. ჩვენი მონაცემებით, წელს ყურძნის ჩაბარების შედეგად თითოეულმა ოჯახმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო, ზოგ შემთხვევაში 100-200 ათასი ლარის ოდენობით. ეს ჩვენი ხელისუფლების სახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგია და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა რუსეთის ბაზრის გახსნისა და ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში უახლოეს მომავალში ქართული ღვინის საფირმო მაღაზია გაიხსნება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, "რთველი 2014"-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება. მიმდინარე წელს ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად, მკაცრი კონტროლი ხორციელდება ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციაზეც.
რთველთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.