დავით ნარმანიამ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკასს უმასპინძლა.
იონას პასლაუსკასმა დავით ნარმანიას დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვის მთავრობებს შორის არსებულ ურთიერთობებს, რაც ელჩის თქმით, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებთან ურთიერთობა. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტების განხორციელების, ასევე ბინათმშენებლობის და სასტუმროების მშენებლობის კუთხით. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე მზადდება ბიზნესპროექტები, რომლებიც ბიზნესპალატებს, დონორ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ უწყებებს გადაეგზავნება. ლიტვის ელჩმა თბილისის მერი ვილნიუსში მიიწვია.