სასჯელაღსრულების სისტემაში ძალიან ბევრი დარღვევაა
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა. განცხადება ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ადვოკატის განცხადებით, პრობლემებზე სასჯელაღსრულების მინისტრს ესაუბრნენ. გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
"გოგი გახარიამ, წინა ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, სხვა გზა აირჩია, ჩაიკეტა, არავითარ კომუნიკაციაზე არ გამოდის და ხშირად პრობლემებზე ინფორმაციებს მედიის საშუალებით ვიღებთ. ძალიან ბევრი დარღვევაა და როცა კანონის დაცვას სხვისგან ითხოვენ, პირველ რიგში თავად უნდა დაიცვან. ამას მოაქვს სავალალო და ტრაგიკული შედეგები, რაც თვითმკვლელობებში გამოიხატება.
მინისტრი ასეთ, ყოველდღიურ საკითხებში შეიძლება ვერ იყოს ჩახედული. თუმცა, მინისტრს აუცილებლად მივმართავთ, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ასე არაადეკვატურად იქცევა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.