ვალერი გელბახიანი: უმაღლესი თანამდებობის პირების პრივატული საუბრები არ უნდა ისმინებოდეს!
დღეს იურისტმა ვალერი გელბახიანმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას ისევ უსმენენ, "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა.
"მოსმენების პრობლემა დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. დაინტერესებულ სამსახურებს შეუძლიათ, თავიანთი სპეცსამსახურების საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც თვალი ადევნონ და მოუსმინონ. ეს, რა თქმა უნდა, ღია პროცესი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი მეთოდებით ხდება სახელმწიფოზე დაკვირვება.
ტექნოლოგიური კონკურენციის პირობებში არის შესაძლებელი, რომ მოსმენები არ განხორციელდეს მაღალი თანამდებობის პირების, განსაკუთრებით პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. ეს სამი პირი მაინც უნდა იყოს დაცული პრივატული საუბრების მიყურადებისგან.
ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან, რომელსაც გაცილებით მეტი საშუალება აქვს, თავი დაიცვას უკანონო მოსმენებისგან, ვიდრე რიგით მოქალაქეს. მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში დაუცველობის შეგრძნებას ბადებს",- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.