ნუგზარ წიკლაური: თქვენ ქუთაისიც მიატოვეთ და პარლამენტიც!
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ქუთაისში პარლამენტიც მიატოვა და თავად ქუთაისიც. აღნიშნული განცხადება წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა:
"ქუთაისი თქვენთვის გახდა გერი. პარლამენტის გარეთ რომ გავიდეთ, ამას კარგად დავინახავთ. ბუკოლიკური იდილია შექმენით: ზაფხულში თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, გაფუჭებული ავტოსადგომები. აი, ეს არის სახე, რომელიც თქვენ ქუთაისს გადაუწყვიტეთ. პარლამენტიც და ქუთაისიც უპატრონოდ არის მიტოვებული. ბიზნესიც აღარ მოდის ქუთაისისკენ, რადგან არ იცის, იქნება თუ არა ამ ქალაქში პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
პარლამენტი იხილავს დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვით, პარლამენტის 2014 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 155.6 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება.