ოთარ კახიძე: დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი ღიმილისმომგვრელია!
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, "სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაყადაღებულ ქონებას, სააკაშვილის ბრალდებასთან საერთო არაფერი აქვს, შესაბამისად, კანონი დარღვეულია".
"მიხეილ სააკლაშვილს ბრალად ქონების გაფლანგვა ედება და არა მითვისება და არავითარი კავშირი დანაშაულსა და დაყადაღებულ ქონებას შორის ფიზიკურად არ არსებობს. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია, ვინაიდან ნებისმიერი ბრალდებულის შემთხვევაში გამოძიებას შეუძლია, დააყადაღოს როგორც ბრალდებულის, ისე მისი ოჯახის ყველა წევრის ქინება, ისე, რომ არანაირი კავშირი არ დაადგინოს ქონებასა და დანაშაულს შორის. ქონება უნდა იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ან ამ ქონებისთვის იყოს დანაშაული ჩადენილი და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თავად დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი ღიმილისმომგვრელია. გასაგებია ყვარლის ნაკვეთის დაყადაღება, რადგან სააკაშვილის საკუთრებაა, თუმცა კანონი აქაც დარღვეულია, მაგრამ რა უნდოდათ სააკაშვილის ბებიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან სოფელ ნატანებში და რატომ დააყადაღეს, ან 10 წლის "ტოიოტა", ან სანდრა რულოვსის სახელზე არსებული ბინა?! როდესაც არგუმენტები სასამართლს განჩინებაში არ იკითხება, გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს პრიმიტიულ შურისძიებას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. გარდა იმისა, რომ დანაშაულსა და ქონებას შორის კავშირ არ არსებობს, განჩინებაში არაფერია დასაბუთებული. ეს სამართლებრივ ნაწილში განუკითხაობას ჰგავს",- განაცხადა კახიძემ.
კახიძის თქმით, დაცვის მკხარე გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მიმართოს.
"თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს სასამართლო ასე განმარტავს და აზრი ეკარგება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას, მივმართავთ საკონსტიტუცო სასამართლოს, თუ რამდენად კონსტიტუციურია სერთოდ ეს მუხლი და რამდენად ადგენს პროპორციულ შეზღუდვებს. ასევე განვიხილავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობასაც",- განაცხადა კახიძემ.