გიორგი მარგველაშვილი : რას ნიშნავს პრეზიდენტის ოპოზიციაში წასვლა?!

გიორგი მარგველაშვილი :  რას ნიშნავს პრეზიდენტის ოპოზიციაში წასვლა?!

  ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს პრეზიდენტის ოპოზიციაში წასვლა და მერე რას იღწვის, გახდეს ვინ - ისევ საქართველოს პრეზიდენტი?!, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" იმ შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად მოსალოდნელია მისი ოპოზიციაში გადასვლა.

   როგორც მარგველაშვილმა განმარტა, ერთადერთი, ვისთანაც ის ოპოზიციაში შეიძლება წავიდეს, საქართველოა, რაც წარმოუდგენლად მიაჩნია.

    "მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვისთან უნდა წავიდე ოპოზიციაში?! ერთადერთი, ვისთანაც მე შემიძლია დავდგე ოპოზიციაში, ესაა ჩემი სამშობლო და რატომ უნდა დავდგე მე საქართველოსთან ოპოზიციაში?! მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ჩემი მოვალეობაა, რომ ვემსახურო ამ ქვეყანას და ხალხს იმ მანდატის ფარგლებში, რომელსაც მანიჭებს კონსტიტუცია. შესაბამისად, ვისთან უნდა წავიდე ოპოზიციაში?! მე რომ პოლიტიკური პარტია მქონდეს კი, მაგრამ ვისთან უნდა დავუპირისპირდე?! ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს პრეზიდენტის ოპოზიციაში წასვლა და მერე რას იღწვის, გახდეს ვინ - საქართველო პრეზიდენტი, რომელიც უკვე საქართველოს პრეზიდენტია?! რას უნდა მივაღწიო, რომ ოპოზიციაში წავიდე?!", - განაცხადა მარგველაშვილმა.

  პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების ცალკეულ შტოებთან არსებული გარკვეული დაძაბული ურთიერთობა არ ნიშნავს მათთან დაპირისპირებას.


  "თქვენ გგონიათ, რომ მე შეიძლება თუნდაც ამ უსიამოვნო ფონიდან გამომდინარე, რომ ჩემზე ჭორაობის სეზონი გაიხსნა, თუ ახალი ემოცია მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ არასასიამოვნო და ხშირად შეურაცხყოფის ზღვარზე მყოფი ეპითეტები ისმის, მე შეიძლება გადავდგა ემოციური ნაბიჯი და ამ ემოციებიდან გამომდინარე დავუპირისპირდე არა "ქართულ ოცნებას", არამედ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლოს, რომლის მიზანია საქართველოს წინ წაწევა?! ბუნებრივია, ასეთი მოვლენების მიმართ ემოციური ხარ, მაგრამ ჩემი ემოციური დამოკიდებულება გადავიტანო რაში? - შევუშალო ვინმეს ქვეყნის განვითარება?! ეს ხომ იქნება რეალურად მართლა არასწორი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, მე მაქვს ემოციური დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ, მაგრამ ვითარება არის ასეთი - მე ვარ არჩეული პრეზიდენტი და მაქვს ჩემი კომპეტენციები. ამის იქით არ არსებობს პოლიტიკური თანამდებობა. შესაბამისად, მოდით, თავიდანვე მოვხსნათ თემა, რომ მე შეიძლება კიდევ რამე მინდოდეს. შექმნილი ვითარება არანაირად არ ნიშნავს ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. ჩემი ფუნქციაა მათი გაძლიერება. ჩემი ემოციური რეაქცია საბოლოოდ მეც დამაზიანებს და ქვეყანასაც", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: