რა ვქნა , ყურმოჭრილ მონად ვერ ვიქცევი!

რა ვქნა , ყურმოჭრილ მონად ვერ ვიქცევი!

   ეს პატარა ბარათი " ვერიონს"  იმედგაცრუებულმა კონკურსანტმა გამოუგზავნა,  რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს , თუმცა, პრობლემა იმდენად  ზოგადია, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი  გამოქვეყნება.


  ერთი რამ მინდა გითხრათ, ეს გულისტკივილიცაა - ერთ კვირაში თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში პირადად წარვადგინე CV ქართულის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე (ელექტრონულად დარეგისტრირების საერთოდ არ მჯერა და ამიტომ). გასაუბრებაზე თითქმის ძალით დავაბარებინე თავი დირექტორებს. თავის ქებას არ მოვყვები, მაგრამ  ისეთი CV მაქვს, რომ... 

 

   გასაუბრებაზე მისულს სხვა კონკურსანტებიც დამხვდნენ -ჩუსტებით და ფლოსტებით მოსულნი, საღებავგადასული თმებით, შეცდომებით სავსე ქართულით, ზოგიერთი ძველი ბიჭივით კუთხეში ჩაცუცქული ელოდა თავის რიგს.


   არ იკითხავთ, თითოეულ სკოლებში როგორი  პედაგოგები დამხვდნენ? უმეტესობა, რა თქმა უნდა - ასაკოვნები, ე.წ. ბრეტელებიანი დეკოლტეთი, (მაპატიეთ და, დაგრეხილი ლიფის ზონრებით), ბევრ მათგანს კბილებიც არ ჰქონდა (თურმე დაწყებითში ასწავლიდნენ), ჩუსტებით და  საზღვაო სარაფნით, ან დაწელილი საშინაო სამოსით... როგორც ვხვდები,  მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების  უმეტესობა ასეთია დღეს ამ ქვეყანაში.


   კონკრეტულად, 52-ე საჯარო სკოლის დირექტორს დარეგისტრირებული მასწავლობლობის მსურველთა CV სრულყოფილად არც ედო მაგიდაზე. როცა ჩემი რეზიუმე მოვთხოვე, სკოლის კაბინეტებში დაიწყო სირბილი და მოძიება, ნეტა, სად დავდეო!


  87-ე სკოლაში დირექტორი გარღვეული კაბით დამხვდა ,ხოლო 161-ედან გასაუბრებისათვისაც არ დაურეკავთ.


  ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ან ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ან ისეთი კადრის მიღება სურთ, ყურმოჭრილ მონებად რომ აქცევენ და ჭკუაც ნაკლებად მოეკითხებათ.


   მე ამათ შორის ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. ვფიქრობ,  მასპინძელს თავისნაირი უნდა სტუმარიც. თუ რამეს მირჩევთ, გავითვალისწინებ. მადლობა მოსმენისთვის. (სტილი დაცულია)


                                         პატივისცემით თქვენი ერთგული მკითხველი
                                                                  თამარი  ხ.


  "ივერიონისგან":ჩვენ სისტემატურად ვაშუქებთ საგანმანათლებლო სისტემაში შექმნილ სავალალო სიტუაციას.წინამდებარე წერილიც კიდევ ერთი მაგალითია იმისა,თუ როგორ ტარდება ატესტაცია-კონკურსები საჯარო სკოლებში და რა ნიშნით არჩევენ პედაგოგებს!განგაშის ზარი დროულია, თუ დაგვიანებული არ არის!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: