რა ინიციატივით გამოდის ნათია ფანჯიკიძე?
ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ამის შესახებ ფანჯიკიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
"კარგი იქნებოდა, გვქონოდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მაგრამ ეს იმდენად დიდი ფუფუნებაა და ისეთი თანხა ჯდება, რომ გასაკვირი არაა, რომ ვერ განხორციელდება ერთი ხელის დაკვრით. ამ იდეის გამარტივებული ვერსია მაწუხებს დიდი ხანია და ამოვთქვამ რა!? (კვირა დილაა, სანამ საოჯახო საქმეს შევუტევ, დროს გავიყვან. ბავშვობაში მეცადინეობის წინაც სულ იდეებზე ვმსჯელობდი, ან მშივდებოდა). იდეა მდგომარეობს შემდეგში - ქართული საგანძურის შეგროვების დრო არ დადგა ჯერ? უკვე ბევრი წარმატებული ხელოვანი გვყავს საზღვრებს გარეთ: ანდრო ვეკუა, ეთერ ჭკადუა, გია ეძგვერაძე.... ჩამოთვლით არ გავერთობი, ვიღაც მაინც გამომრჩება, მოკლედ, საკმაოდ სატრაბახოდ გვაქვს საქმე. ასევე საქართველოში რომ ჩატარდეს თანამედროვე არტისტების, გარდაცვლილების და ცოცხლების ნამუშევრების ერთი უზარმაზარი გამოფენა, მოწვეული იყოს სპეციალისტების ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც დადებენ პროფესიულ დასკვნას, რომელი მხატვარი იმსახურებს "ძალიან მაგარის" ტიტულს, რომ არცერთი მათგანი არ დარჩეს აღმოუჩენელი. ხოდა მერე, ყოველი ამ მხატვრისგან თუ მოქანდაკისგან რომ იყოს შეძენილი თითო ნამუშევარი მაინც და დაარსდეს ქართული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თავისი დინამიური გალერეით. სტუმრებს ხომ წავიყვანდით და ვეტყოდით, აგერ ვართ ბატონო, მხოლოდ ძველი კულტურის კი არა, უწყვეტი კულტურის ერი ვართ, ვცოცხლობთ, აღვიქვამთ, ვხედავთ, გადმოვცემთ... სტუმარი იქით იყოს და ჩვენ თვითონ, ჩვენი შვილები ხომ უნდა იცნობდნენ თავიანთი ფესვიდან წამოსულ ხელოვნებას. თანაც თავმოყრილად ქართული ვიზუალური არტი შეიკვრებოდა, შეფასდებოდა, მოვლილი იქნებოდა და მეტ ძალას შეიძენდა მსოფლიოშიც. საკვირაო თემის შეკითხვა შემდეგია, - დადგა ჟამი შეგროვებისა, თუ იყოს ყველაფერი ისე, რავარც არის?" - წერს ფანჯიკიძე. (სტილი დაცულია)