საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" მერიის წინადადებას მხარი არ დაუჭირა
საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ", დღეს, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის სამ დამოუკიდებელ სამსახურებად დაყოფის შესახებ, მერიის წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
მერიის წინადადება, აღნიშნული სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, კულტურის და განათლების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურებად დაყოფას ეხებოდა.
ეს წინადადება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომაზე განიხილეს.
როგორც "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში" აცხადებენ, მათ მერიის წინადადებას მხარი იმიტომ არ დაუჭირეს, რომ ქვეყანაში ყველა ადმინისტრაციული ხარჯი ისედაც უსასრულოდ გაბერილია.
"ქვეყანაში, ისედაც უსასრულოდ გაბერილი ყველა ადმინისტრაციული ხარჯი უნდა შემცირდეს, ჩვენ კი პირიქით, მას ვზრდით. ამ ცვლილებებით, საჭირო ხდება დამატებითი ხარჯების გამოყოფა როგორც სახელფასო ფონდში, ასევე დამატებით ორი პირადი ავტომანქანის განპირობება თავისი თანდართული (საწვავის, ეკსპლუატაციის, მძღოლის) მომსახურების ხარჯებით. როგორც ჩანს, ქამრების მოჭერის პოლიტიკა თბილისის მოსახლეობას ეხება და არა მუნიციპალიტეტებს",-აცხადებენ ფრაქციაში.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებითვე, იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც მერიის მხრიდან ახალი სამსახურების შექმნის არგუმენტად იქნა დასახელებული, ერთი სამსახურის პირობებშიც არის შესაძლებელი.