კახი კახიშვილი: "ნაციონალები" რევოლუციისთვის ახალ ნიადაგს ამზადებენ!
"ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლას შეეცდება "ნაციონალების" მიერ დაფუძნებული, ახალი, ვითომ დამოუკიდებელი პარტია, რეალურად კი ყველანი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან სააკაშვილის ჩათვლით", - ამ პროგნოზს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი აკეთებს.
ექსპერტის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციისათვის ახალ ნიადაგს ამზადებს და ამაში ჩართულები არიან მათი მარიონეტი არასამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. კახიშვილის თქმით, შეძლებს თუ არა სააკაშვილი რევანშის სცენარის განხორციელებას, დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
"ამ ეტაპზე ისინი პოლიტიკურ ტრიბუნას იყენებენ იმისათვის, რომ შექმნან რევოლუციური განწყობა ქვეყანაში, რაც აუცილებელია ძალაუფლების ხელში ასაღებად. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" პარალელურად შექმნიან ახალ, თითქოსდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რეალურად მათი იდეოლოგიის გამზიარებელი იქნება", - განაცხადა კახიშვილმა.
ექსპერტი, კახი კახიშვილი ხელისუფლებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
"ნაცმოძრაობა" კარგად ორგანიზებული ძალაა, რომელმაც მშვენივრად იცის დესტრუქციის ელემენტები. "ნაციონალები" დაიწყებენ აქტიურ მუშაობას სხვადასხვა კუთხით - დაწყებული სპორტსმენებით, დამთავრებული სტუდენტებით და აპელირებას მოახდენენ იმ პრობლემებზე, რომლებიც 9 წლის განმავლობაში თავად ვერ მოაგვარეს. რევოლუციური განწყობის შექმნისთვის "ნაციონალები" აქტიურად გამოიყენებენ სტუდენტურ კავშირებს, მათ ამის "კარგი" გამოცდილება აქვთ, პროფკავშირებს, სპორტულ კავშირებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, დევნილებს, ეროვნულ უმცირესობებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, ვეტერანებსა და პენსიონერებს. მათ ამ საქმეში დაეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მათ მოახერხეს ხელისუფლების დასუსტება და ქაოსის შექმნა, ძალაუფლების ხელში აღებას შეეცდებიან. ხელისუფლების დასუსტების ერთ-ერთი წინაპირობა მისი დისკრედიტაციაა. თქვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ შსს-ს დისკრედიტაციას, როგორ უღვიძებენ მარგველაშვილსა და ალასანიას ამბიციებს, მალე გადავლენ პროკურატურაზე, ჩაერევიან სასამართლო რეფორმაშიც, რათა გაამაგრონ ის საკუთარი კადრებით. მით უმეტეს, მათ აქვთ საპარლამენტო ბერკეტები".