ბექა ბასილაია: თემურ ჯანაშიას ქონების დაყადაღება არაკანონიერია!

ბექა ბასილაია: თემურ ჯანაშიას ქონების დაყადაღება არაკანონიერია!

   თემურ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება, ასევე 560-ლარიანი პენსია დაყადაღებულია.

 

   ბასილაიას განცხადებით, ორი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაადო, რაც ადვოკატს უკანონო ქმედებად მიაჩნია და აცხადებს, რომ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის ქონებას კავშირი არ აქვს წარდგენილ ბრალდებასთან, არც სამართლებრივი მოტივით და არც არანაირი ლოგიკით.

 

  "გადაწყვეტილება არაკანონიერი და დაუსაბუთებელია მაშინ, როდესაც ყადაღას ადებენ ყოფილი მეუღლის ქონებას, ასევე არასრულწოვანი შვილების ქონებას და საპენსიო ანგარიშს. თემურ ჯანაშიას ყოველთვიურად ერიცხებოდა როგორც სამხედრო-საპოლიციო დაცვის სამსახურის ყოფილ წარმომადგენელს, პენსია და ეს ანგარიში დაყადაღებულია. ფაქტობრივად, იგი რჩება საარსებო სახსრების გარეშე. სამართლებრივად დაყადაღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ თემურ ჯანაშიას ედავებიან გაფლანგვას. ასევე ქონების დიდი ნაწილი, რომელიც დაყადაღებულია, შეძენილია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნამდე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

  თემურ ჯანაშიას თქმით, "ციდან ჩამოვარდნილია" ის ბრალდება, რომელიც მას აქვს წარდგენილი. 

 

"რვა-ნახევარი მილიონი, რომელსაც გვედავებიან, დათვლილია იუშჩენკოს ბანაობიდან დაწყებული სხვა ქვეყნებში მანქანების დაქირავებით. ალბათ, სწორი ის იქნებოდა, რომ თვითმფრინავით წაგვეღო საკუთარი ავტომობილები და ალბათ, ეს იქნებოდა უფრო ეკონომიური ქვეყნის ბიუჯეტისთვის. ბრალდება არის ციდან ჩამოვარდნილი, ამ ბრალდების საქმეზე კი, დაყადაღებულია ჩემი ქონების დიდი ნაწილი, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდე მქონდა. შემიძლია, დაინტერესებულ პირებს ვუთხრა, რა ქონება მაქვს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

 

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან ერთად წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: