ნიკოლოზ მჟავანაძე: არ გამოვრიცხავ, "ნაციონალებმა" ხელოვნურად მოახდინონ საკუთარ თავზე თავდასხმა!
"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. როგორც მჟავანაძემ გაზეთ "კვირის ქრონიკას" განუცხადა, არაა გამორიცხული, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილების ტალღა ააგორონ და ხელოვნურად მოახდინონ საკუთარ თავზე თავდასხმა.
"ჩემი ინფორმაციით, იგეგმება წინასწარ გათვლილი ინციდენტები, ანუ გამეორდება ნუგზარ წიკლაურისა და სხვა დეპუტატების სპექტაკლები, ვითომდა ისინი გაილახნენ და ვითომ მათ 10 კაცი ურტყამდა. რახან ხედავენ, რომ არაა ხელჩასაჭიდი ფაქტები, ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილების ტალღა რომ ააგორონ, არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნურად მოახდინონ საკუთარ თავზე თავდასხმა. ასევე, არაა გამორიცხული, რომ მოხდეს ინსცენირებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, რომ ამით კიდევ ის სურათი შექმნან, რომ ვითომ ხელისუფლება გადავიდა მედიის მიმართ ანგარიშსწორებაზე, რადგანაც ის ძალა, რომელიც დღეს სიტუაციას მართავს ამერიკიდან და ციხის გისოსებიდან, ყველაფერზეა წამსვლელი", - განაცხადა მჟავანაძემ.