"ახალგაზრდა ადვოკატები": სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია!
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არსებული ქონების მიმართ ყადაღის დადების ფაქტს ეხმაურება და გადაწყვეტილებას სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული რისკების შეფასებით ხსნის.
"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი მოსაზრებებით დასაბუთებულია, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის და მასთან დაკავშირებული პირების ქონების დაყადაღების საკითხი განხილულ უნდა იქნას საკუთრების გასხვისების შესაძლებლობით, რითაც დასაშვებია, განსაკუთრებული მატერიალური ზიანი მიეღო სახელმწიფოს. ორგანიზაცია სასამართლო დასაბუთებას კანონთან შესაბამისობით ხსნის, ვინაიდან ყადაღის გამოყენება სააპელაციო ინსტანციამ დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოებით, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461, 34 ლარის გაფლანგვაში. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მაღალი ფინანსური ზარალის შესაძლო გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, არ მომხდარიყო ქონების განკარგვა.
"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, გაუგებარია, რატომ იწვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი დისკუსიას, რომლის საფუძველზეც, სასამართლომ ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს შეუძლია, ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას.
"ახალგაზრდა ადვოკატები" ყურადღებას უთმობს იმ გარემოებასაც, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრალი წარდგენილია გაფლანგვის და არა მითვისების მუხლით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ როდესაც დგას ქონებრივი ხასიათის დავა, ბრალდების მხარეს კანონიერი უფლება გააჩნია, მოითხოვოს ქონების დაყადაღება. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში გაფლანგვა და მითვისება ერთი მუხლია და გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, თუკი საუბარია ქვეყნის ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანზე, მნიშვნელობას კარგავს, ეს მითვისებით მოხდა თუ გაფლანგვით. დანაშაულისთვის კანონი ერთიან პასუხისმგებლობას ადგენს.