აქცია დასრულდა, თუმცა ამბავი ჯერ არ დამთავრებულა...

აქცია დასრულდა, თუმცა ამბავი ჯერ არ დამთავრებულა...

თსუ-ს სტუდენტების საპროტესტო აქცია 

   რეპორტაჟი

 

  ალექსანდრე წარიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, სწავლობს მაღლივ კორპუსში, დღესდღეობით მას ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად დიდი მანძილის გავლა უწევს, ამის მიზეზი კი იქვე, უნივერსიტეტის კორპუსთან მშენებარე გაზ-გასამართი სადგურია. მშენებლობის დაწყებამდე აქ ავტობუსების გაჩერება იყო და პრობლემაც არ არსებობდა, ახლა კი ყველას, ვინც მაღლივ კორპუსში სწავლობს,გარდა იმისა,რომ საღამოს,ლექციების შემდეგ,დაღლილს დიდი მანძილის გავლა უწევს,შესაძლოა საფრთხე დაემუქროს,ვინაიდან გაზგასამართი სადგურის დასახებულ პუნქტთან არსებობა პოტენციურ საშიშროებას ქმნის.მით უმეტეს,თუ გავიხსენებთ ბოლო პერიოდში მომხდარ აფეთქებებს და ხანძარს ბენზინ და გაზგასამართ სადგურებზე. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომებს,ხელს უშლის საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე უგულებელყოფილია უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის, ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობა, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა.აღნიშნული ტერიტორია,სადაც მშენებობა მიმდინარეობს,თავის დროზე თბილისის მერიამ გაასხვისა.

    სწორედ ამ მიზეზების გამო,თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის, ირაკლი კუპრაძის ინიციატივით მერიის წინ მოეწყო საპროტესტო აქცია. ზუსტად 3 საათზე შენობის მიმართულებით მავალი აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ. მოსვლა დემონსტრაციულად მოხდა - სასტვენების და ტრანსფარანტების თანხლებით. ტრანსფარანტებზე ამოიკითხავდით- "დაიცავი თსუ" , "გაზზე გადაყვანილი სტუდენტობა" , "განათლება ბიზნეს ინტერესებზე მაღლა" და სხვა.მერიის უსაფრთხოების სამსახურს წინააღმდეგობა არ გაუწევია,გასცა მხოლოდ ერთი მითითება,რომ აქციას ხელი არ შეეშალა მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებისთვის,რაზეც აქციის მონაწილეები უპრობლემოდ დათანხმდნენ. აღნიშნული პრობლემა მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისთვის არ აღმოჩნდა აქტუალური. აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა შორის იყო "სტუდენტთა ომბუდსმენიც". აღსანიშნავია ისიც, რომ პროტესტს არც ერთი ლექტორი არ შეუერთდა, გამონაკლისი იყო მხოლოდ ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.

    აქციის დასაწყისში გაკეთდა განცხადებები ორგანიზატორების მიერ,თუ რას აპროტესტებდნენ და რატომ.აქციის ორგანიზატორის,ირაკლი კუპრაძის თქმით,მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობები ალოგიკურია და არ ჯდება ქალაქის არანაირ გეგმიურ განვითარებაში.მისი,ისე როგორც აქციის ყველა მონაწილის მოთხოვნა იყო მერთან შეხვედრა და მშენებლობის შეჩერება.აქციაზე რამდენჯერმე,ხაზგასმით გაჟღერდა,რომ ეს პროტესტი არ უკავშირდებოდა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და აქცია არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული.

    " ძალიან ბევრი ვიღაც იღიმის ცალყბად, რომ გაზგასამართმა სადგურმა რატომ შეგკრიბათ და ასე შემდეგ...აქ საქმე არ ეხება მხოლოდ გაზგასამართ სადგურს,ეს უპირველეს ყოვლისა არის ქალაქის განვითარების ლოგიკის საკითხი. ორი სასწავლო კორპუსი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი, სადაც 20 ათასი სტუდენტი ყოველთვიურად გამოცდებს აბარებს და მომავალში ასაშენებელი მეცნიერთა და სტუდენტთა სახლი - ამათ გვერდით გაზგასამართის მშენებლობა,რომელ ქალაქის განვითარების ლოგიკას ექვემდებარება? არცერთს,რა თქმა უნდა!" - განუცხადა აქციის მონაწილეებს,თსუ-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

    საგულისხმოა ის ფაქტიც,რომ მსგავსი პრეცედენტი თსუ-ს მაღლივი კორპუსის უახლეს ისტორიაში აქამდეც შეგვხვედრია,როდესაც მის გვერდით სასაფლაოს აშენება უნდოდა ერთ-ერთ კერძო ფირმას,თუმცა მერის თანამონაწილეობის შემდეგ სასაფლაო იქ აღარ შენდება და მიწების მფლობელ კომპანიას ალტერნატიული ფართი გამოეყო.

    აქციის მსვლელობისას მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეგვატყობინა,რომ მერი მზად იყო სტუდენტებთან შესახვედრად.შეიქმნა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფი,რომელიც შეხვედრაზე შევიდა.მოლაპარაკება საათზე მეტხანს გაგრძელდა.ნარმანიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას არ აქვს გაზგასამართი სადგურისათვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის უფლება. ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა. მერიის წარმომადგენლებმა და შუამავლებმა სტუდენტებს პირობა მისცეს, რომ უახლოვეს მომავალში ორგანიზებას გაუწევენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან.

   აქცია დასრულდა, თუმცა ამბავი ჯერ არ დამთავრებულა. უახლოეს დღეებში იგეგმება საინიციატივო ჯგუფის შეხედრა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან.

    

გიორგი დვალიშვილი

     

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: