ნინო ბურჯანაძე: "ქვეყანას სჭირდება ეფექტური ხელისუფლება, ე.ი. არჩევნები, არჩევნებს კი სჭირდება ნორმალური საარჩევნო გარემო!"

ნინო ბურჯანაძე: "ქვეყანას სჭირდება ეფექტური ხელისუფლება, ე.ი. არჩევნები, არჩევნებს კი სჭირდება ნორმალური საარჩევნო გარემო!"

    "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის მთავარ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა:

 

   -"მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" სახელით წერილით მივმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სადაც მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. აუცილებელია, უსწრაფესად შეიქმნას საგანგებო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იმუშავებს, რათა ჩვენ არ აღმოვჩნდეთ კვლავ იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება გამოგვიცხადებს, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის.

   მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ქვეყანაში რთული ვითარებაა. სახეზეა კლასიკური სახის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოიწვევდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება, რომლის მთავარი საფიქრალი არის არა ქვეყნის განვითარება და რეფორმების განხორციელება, არამედ ნებისმიერ ფასად ხელისუფლების დიდი ხნით შენარჩუნება. ამ საქმეში "ქართულმა ოცნებამ" თავის პარტნიორად აირჩია "ნაციონალური მოძრაობა" და კვლავ აპირებს მორიგი არჩევნები ჩაატაროს იმ საკანონმდებლო ბაზით, რომელიც თავის დროზე "ნაციონალებმა" დააკანონეს და რომლის შეცვლასაც მმართველ გუნდში მყოფი პარტიები ხელისუფლებაში მოსვლამდე კატეგორიულად ითხოვდნენ.

   დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა გააკონტროლოს საკრებულოს 75 %, მაშინ როდესაც რეალურად მას მოსახლეობის მხოლოდ 44%-მა მისცა ხმა. იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიიღებს 50 %-ზე ნაკლებ მხარადჭერას, მას დღეს მოქმედი კანონით შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს და აბსოლუტური უმრავლესობით აკონტროლოს საკრებულო ან პარლამენტი. ცხადია, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. 

  საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის ფარსი, რასაც ჰქვია საარჩევნო სიები, სადაც დაფიქსირებულია 3 მილიონ 200 ათასი ამომრჩეველი, მაშინ როდესაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში დღეს ფაქტობრივი მოსახლეობა, სამწუხაროდ, 3 მილიონზე ნაკლებია.

   მხოლოდ ნორმალური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით იქნება შესაძლებელი ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელსაც ექნება ხალხის რეალური მხარდაჭერა და რომელიც იფიქრებს არა ხელისუფლების შენარჩუნებაზე და ამისათვის პარტნიორებისა და სატელიტების ძებნაზე, არამედ ქვეყნის კეთილდღეობაზე, ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე  და ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაზე.

   რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ფაქტია ქვეყანაში არც ერთ სფეროში არ შეიმჩნევა წინ გადადგმული ნაბიჯები. ფაქტია, რომ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, მოსახლეობა სოცილაურად უმძიმესი წნეხის ქვეშაა, ფაქტია, რომ არც ერთი საგარეო გამოწვევა და პრობლემა არ მოგვარებულა და არც ერთი ნაბიჯი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების მიმართულებით არ გადადგმულა. დიახ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და უძრაობაა, რაც აწყობს მხოლოდ ორ ძალას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას". ქვეყანას სჭირდება ეფექტური ხელისუფლება, ე.ი ახალი არჩევნები, ხოლო არჩევნებს სჭირდება ნორმალური საარჩევნო გარემო!

მინდა ყველა გავაფრთხილო: ასეთი საარჩევნო სისტემით საქართველოში არჩევნები ვეღარ ჩატარდება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც მართლა სურს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ძალისხმევა არ დაიშუროს იმისათვის, რომ მართლაც რეალური ცვლილებები განხორციელდეს საარჩევნო სისტემაში. დიდი იმედი გვაქვს ჩვენს გუშინდელ მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოეხმაურებიან  და ძალიან სწრაფად არაუგვიანეს ოქტომბრის თვისა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო რეალურად გაუმჯობესდეს."

ნინო ბურჯანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების დღეს გავრცელებულ მიმართვასაც გამოეხმაურა, სადაც ისინი პარლამენტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებენ:

   "ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ინიციატივას დაემთხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილი, რომ ასეთი ჯგუფი შეიქმნას. ეს დამთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს საკითხის აქტუალურობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა იმ ორგანიზაციასთან ვითანამშროლებთ, ვისაც რეალურად სურს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და არა მხოლოდ ფასადური ცვლილებების შეტანა საარჩევნო სისტემაში," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: