კახა კოჟორიძე: დანაშაულის დასამტკიცებლად საფუძვლიანი გარემოებები უნდა არსებობდეს!
თენგო ერისთავის საქმეზე მუშაობას განაგრძობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ხაზს უსვამს, რომ დანაშაულის დასამტკიცებლად საჭიროა, მცირეოდენი ეჭვიც არ არსებობდეს და იქვე განმარტავს, რომ ნაკლებად დამაჯერებელია, პრობაციაში მიმავალ ადამიანს თან წაეღო ნარკოტიკული საშუალება.
"ნაკლებად დამაჯერებელია ის გარემოება, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პრობაციაში მიმავალ ადამიანს წაეღო ნარკოტიკული საშუალება იმ დოზით და ოდენობით, რომ მას მოჰყოლოდა სასჯელის სახით უვადო პატიმრობა. ჩვენი კანონმდებლობა ითხოვს, რომ ადამიანს რომ დაუმტკიცო დანაშაული, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა არსებობდეს გარემოებები, ეჭვიც არ უნდა გაჩნდეს, რომ ეს ადამიანი არის თუ არა დამნაშავე. იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს საქმის ფაბულა. ყველა სამართლებრივ ღონისძიებას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დამტკიცდეს მისი უდანაშაულობა",-განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თენგიზ ერისთავი 17 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" აღმოაჩნდა.
დაკავებულის ოჯახის განცხადებით, ერისთავი აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია და მათი ვარაუდით, დაკავება შესაძლოა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისში, აბაშიძის ქ. N48-ში მკვლელობა 2 სექტემბერს მოხდა. 27 წლის ლაშა მახარაძე გავრცელებული ინფორმაციით ორი გასროლის შედეგად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, საოპერაციოში გარდაიცვალა.