ერისთავის ოჯახს საჩივარი პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შეაქვს

ერისთავის ოჯახს საჩივარი პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შეაქვს

   თენგო ერისთავის ოჯახი სამართლებრივ დავას აგრძელებს, ისინი პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში საჩივრის შეტანას, ასევე მხარდამჭერთა აქციის გამართვას გეგმავენ.

   ოჯახის წევრებმა და მისმა ახლობელებმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "არჩევანი", დაკავების დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მათი განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ახალი გარემოებების მიუხედავად, წარმოებაში არ მიიღო მათი სარჩელი.

   "სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, არ მიიღო განხილვაში საქმე, რომელშიც იყო ბევრი ახალი გარემოება. კერძოდ, იყო ხუთი მოწმის ჩვენება. ამ ახალი გარემოებების უგულებელყოფით დარჩა ისევ საპატიმროში ჩემი ძმა. პოლიციელები იძახიან, რომ თენგიზი უწევდა წინააღმდეგობას, როცა ჩემს ძმას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩხრეკდნენ, ნარკოტიკები არ არის და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჩემი ძმა ყვირილს, რომ, რას შვრებით, მიდებთ და დეიდაჩემს უყვირის, რომ ჟურნალისტებს ითხოვს",-აცხადებს გიორგი ერისთავი.

   საქმის გამოძიებაში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატი, ნანუაშვილის განცხადებით,საქმის დეტალები უახლოესი დღეების მანძილზე გახდება ცნობილი.

  "რაც შეეხება ერისთავების ოჯახს, მათგან მივიღე გარკვეული ინფორმაცია, დაწყებული გვაქვს საქმის შესწავლა და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივიღებთ",-განაცხადა ნანუაშვილმა.

  ცნობისათვის, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თენგიზ ერისთავი 17 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" აღმოაჩნდა.

  დაკავებულის ოჯახის განცხადებით, ერისთავი აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია და მათი ვარაუდით, დაკავება შესაძლოა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

  თბილისში, აბაშიძის ქ. N48-ში  მკვლელობა 2 სექტემბერს  მოხდა. 27 წლის ლაშა მახარაძე გავრცელებული ინფორმაციით ორი გასროლის შედეგად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, საოპერაციოში გარდაიცვალა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: