ირმა ინაშვილი: საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა ტრაგიკული შეცდომაა!

ირმა ინაშვილი: საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა ტრაგიკული შეცდომაა!

  "ტერორიზმი რომ ბოროტებაა, ამაში, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება. საკამათო არც ის მგონია, რომ ბოროტებას უნდა ებრძოლო, მაგრამ ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას, მოქმედების გზებსა და მეთოდებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა?!" -განცხადებას  "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:

 

  "სულ რამდენიმე წლის წინ ამერიკამ და დასავლეთმა ბაშარ ალ ასადს ბრძოლა გამოუცხადეს, როგორც დიქტატორსა და ტირანს. ეს გეზი, ცხადია, მხარდასაჭერი იყო. თუმცა, ცოტა ხანში ობამას ადმინისტრაციამ გამოგვიცხადა, რომ ბაშარ ალ ასადის თავად სირიელ მეამბოხეებს დავუპირისპირებთო. ვინ იყვნენ ეს სირიელი მეამბოხეები? სხვადასხვა ხალხი იყო. მათში რომ უამრავი ტერორისტი იყო, ეს განა ვინმესთვის საიდუმლოა? მსოფლიოში არ დარჩა პოლიტიკური ექსპერტი, რომელმაც ამაზე არ ისაუბრა. თავად ამერიკაში უამრავმა სენატორმა და კონგრესმენმა გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაცია ამგვარი მიდგომების გამო.

 

  რა მივიღეთ, საბოლოო ჯამში? ამერიკა სირიაში აფინანსებდა ე.წ. მეამბოხეებს, სინამდვილეში კი, უმეტესწილად ტერორისტებს, მათ ბაშარ ალ ასადის ვერც ვერაფერი დააკლეს... "ალ ქაიდასა" და სხვა მსგავს ორგანიზაციებთან გაერთიანდნენ და აგერ, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც გვამცნეს, რომელსაც მარტივად ხალიფატი დაარქვეს. ხალიფატი, რომელმაც, სხვათაშორის, თავის საზღვრებში საქართველოც მოაქცია.

 

  ახლა მეორე - მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ნათელ ფაქტზე. ობამას ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის პერიოდში არცერთი, ხაზს ვუსვამ: არცერთი ინიციატივა, წამოწყებული პროექტი თუ ოპერაცია წარმატებით არ დაუსრულებია. მარცხი განიცადა ყველგან: ლიბიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ირანში, აგერ უკრაინაში, რაზეც ღიად საუბრობს ამერიკის სენატისა და კონგრესის ნახევარზე მეტი.

 

  მესამე - კვლავ განვმეორდები: ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი მიმართულებაა, მაგრამ სირიელი მეამბოხეების ხელით ტერორიზმთან ბრძოლა ჩვენ ვერ დავინახეთ. პირიქით, ამ მეამბოხეების დიდი ნაწილი თავად ჩაერთო ტერორისტულ ორგანიზაციებში. თურქეთი ნატო-ს წევრია, მაგრამ ის ღიად ამბობს უარს სირიელი მეამბოხეების გაწვრთნაზე, რადგანაც ესმის, რომ ამ გაწვრთნილი მეამბოხეების უმრავლესობა თავად გახდება ტერორისტი. რაც თურქეთს ესმის, ჩვენც უნდა გვესმოდეს.

 

  საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის კი არა, ცენტრების შექმნა ცუდი სულაც არაა, მაგრამ ამ ცენტრებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა ძალზედ ცუდი იდეაა და, უბრალოდ, ცუდი იდეა კი არა, ვფიქრობ, ტრაგიკული შეცდომაა, თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი იდეა ვინმეს გონებაში მართლა იხარშება. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ამგვარ საკითხებს, როგორც წესი, გარკვეული საიდუმლოების ხარისხი უნდა ახლდეს და ურთიერთგამომრიცხავი... ან კიდევ უარესი,- სრულიად დამაბნეველი და გამაოგნებელი განცხადებები საჯაროდ არ უნდა კეთდებოდეს. ბევრად მეტის თქმა შემიძლია და არ დავმალავ, მინდა კიდევაც... განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ რა შემზარავი საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს თავად საქართველო, მაგრამ დღეს თავს შევიკავებ და დაველოდები ოფიციალურ პირთა განმარტებებს", - წერს ინაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: