ვიწვევთ ყველას, ვისაც გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული ძეგლების დაცვა და აღდგენა აინტერესებს!

ვიწვევთ ყველას, ვისაც გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული ძეგლების დაცვა და აღდგენა აინტერესებს!

კვირას, 28    სექტემბერს 11 საათზე გაიმართება თბილისის განვითარების ფონდის საზოგადოებრივი დარბაზის სამუშაო შეხვედრა, რომელიც გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების თემას ეხება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის განვითარების ფონდი,  ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ხელოვნებათმცოდნეები, ქალაქ თბილისის არქიტექტურული სამსახური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და მედიის წარმომადგენლები, მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გუდიაშვილის მოედანზე ფონდის საკუთრებაში არსებული ობიექტების პროექტები.

ნიშანდობლივია, რომ გუდიაშვილის მოედნის განვითარების კონცეფციისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ექსპერტებისა და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით შეიმუშავებს სტრატეგიას და ხედვას,  თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ისტორიული  მოედნის  გარშემო პროექტების განხორციელება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ  გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების პროექტები ვერ განხორციელდა და  შეჩერდა საზოგადოების დიდი ნაწილის  და იქ მცხოვრები მოსახლეობის პროტესტის გამო.

გარკვეულწილად, ეს გამოწვეული იყო თბილისის განვითარების ფონდის ძველი მენეჯმენტის მხრიდან სათანადო გაუმჭვირვალობისა და პროცესში საზოგადოების ჩაურთველობის  გამო. გაურკვეველი იყო ასევე, იქ მცხოვრები მოსახლეობის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში მწვავე და სადაო თემად იქცა.

აღნიშნული თემის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალიწინებით, თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელობა,გუდიაშვილის მოედნის შემდგომი რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, აწყობს საჯარო და გამჭვირვალე განხილვას. შეხვედრაზე ვიწვევთ, ყველა  დაინტერესებულ პირს, ვისაც გუდიაშვილის  მოედნისა და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბედი აღელვებს.


კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ: შეხვედრა გაიმართება 28 სექტემბერს 11 საათზე, ძმები ზუბალაშვილების  ქუჩა N48,  მთაწმინდის გამგეობის შენობა, მე-3 სართული.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  2 47 00 14.
Email: n.kemashvili@tdf.ge

ნათია ქემაშვილი,
თბილისის განვითარების ფონდის  მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: