თურქეთის ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა
თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა. გადაწყვეტილება თურქეთის განათლების სამინისტრომ მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია თურქეთში საქართველოს საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზეა განთავსებული.
პროგრამა ითვალისწინებს მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში, ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის სწავლების 244-საათიან პროგრამას.
როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ამ პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის ("კავკასიის ქარი") ავტორს ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე).
პროგრამის თარგმნაში ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ გაფრინდაშვილი.
საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას.