სანდრო ბრეგაძე: ყველას გვეგონა რომ დინოზავრებივით გადაშენდებოდნენ!
"არა რა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დამნაშავეები არიან, მკვლელები არიან, სამშობლო გაყიდეს, ხაზინა გაძარცვეს, პატიმრები გააუპატიურეს, ახალგაზრდები დახოცეს, მომიტინგეები დაარბიეს და რაც კი კაცობრიობას უნახავს ყველა დანაშაული ჩაიდინეს!" - ამ განცხადებას პარტია "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facaebook -ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:
"გამოვიდა ხალხი, სიცოცხლის რისკის ფასად გამოვიდა, მივიდა არჩევნებზე და 2012 წლის 1 ოქტომბერს უარი უთხრა მათ მმართველობას, სამართლის აღდგენა მოითხოვა და ახალი ქვეყნის მშენებლობას მისცა ხმა. ყველას გვეგონა რომ დინოზავრებივით გადაშენდებოდნენ, გასაქცევად მზად იყვნენ, ისევ ჩაძვრენ სოროებში, ხმას ვერ იღებდნენ, ერთმანეთის ჩაშვება დაიწყეს, ყველაფრისთვის მზად იყვნენ, დაიშალნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ ისე გარბოდნენ, პოლიტიკურ სიკვდილს ებრძოდნენ, რეანიმაციაში იყვნენ უიმედო მდგომარეობაში და უცებ ხელოვნურად მოვასულიერეთ, ყველაფერი ვიღონეთ რომ არ გარდაცვლილიყვნენ, წამლები მივაყარეთ, უმაღლეს დონეზე ვუმკურნალეთ, ფეხზე წამოვაყენეთ, პალატიდან გამოვწერეთ, მოპარული არ წავართვით, ქუჩაში გამოვიყვანეთ, ტელევიზიაში დავსვით, პარლამენტში მივიყვანეთ, გამოვაჯანმრთელეთ და ამის შემდეგ გაიხედეს-გამოიხედეს, სული მოითქვეს, ყავარჯნები გადააგდეს, ძალები მოიკრიბეს, შეიკრნენ, ლაპარაკი დაიწყეს და შეტევაზე გადმოვიდნენ.
ჯერ ძველი ძალაუფლების დაბრუნებაზე ფიქრი დაიწყეს, ხოლო შემდეგ ქმედება. იმდენად გათავხედნენ, რომ უკვე იმუქრებიან, ილანძღებიან, ძალადობენ, ძლევამოსილის ტონალობა შეეპარათ ხმაში და ქვეყნის გადასატრიალებლად აწყობენ გეგმებს. მკვდარი გავაცოცხლეთ, ქართველი ერისა და საქართველოს მოსახლეობის მიერ მოკლული მონსტრი, გველეშაპი, სადიზმის სიმბოლო გადავარჩინეთ და აი შედეგიც მივიღეთ-მართალი ხალხი დგას და დამნაშავე ბავშვივით თავს იმართლებს იმათთან, რომლებიც განსასჯელის სკამზე უნდა ისხდნენ. ესე დავიწყე-არა რა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ესევე დავამთავრებ-ესე თუ გაგრძელდა არც კი მინდა წარმოვიდგინო თუ რა ელის ჩვენს ქვეყანას. გამოსავალი ერთადერთია სასწრაფოდ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი, უშიშარი და კომპეტენტური ხალხია წამოსაწევი, ქვეყანაა გასაწმენდი და ყველასთვის თავის ადგილია მისაჩენი!" - წერს ბრეგაძე.