ზურაბ ჯაფარიძე: ზრდის ასეთი ტემპებით საქართველო ევროპულ დონეს ნახევარი საუკუნის შემდეგ დაეწევა!
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე 2015 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს არ იწონებს და მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის 5%-იან პროგნოზს არასაკმარისად მიიჩნევს.
"არ არის კარგი, 5%-იანი ზრდა არ არის ის ზრდა, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს. ზრდის ასეთი ტემპით საქართველო საშუალო ევროპულ დონეს დაეწევა ნახევარი საუკუნის შემდეგ. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ უფრო სწრაფად. გარდა ამისა, როგორც გავიგე, ჯერ დეტალები არ მინახავს, არის კიდევ საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ვალი უნდა აიღოს, რომელიც იქნება ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელი.
ამ მთავრობამ გასცა უსაზღვრო დაპირებები, რომლებიც არ შეასრულა, მაგრამ ის ვალდებულებები, რომლებიც აღებული აქვს, იმათ გასასტუმრებლადაც საკუთარი შემოსავლები არ ჰყოფნის და იღებენ და იღებენ ყოველ წელს ვალს. ამდენი ვალი, რაც ორ წელიწადში აიღო, საქართველოს მთავრობას არ აუღია არასდროს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტი 9 350 000 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ინფლაცია კი - 4%. ბიუჯეტის პირველი ვარიანტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტს ხვალ გადაეგზავნება.