რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე?
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას გაათავისუფლებენ თუ არა გირაოს სანაცვლოდ, დღეს გახდება ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ძაძამიას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ძაძამია პატიმრობიდან 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების შემდეგ საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ პროკურატურის პოზიციის დასაფიქსირებლად გონივრული ვადა ითხოვა.
წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს, 16.00 საათზე, განახლდება და პროკურატურის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტს, დააკმაყოფილებს თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აპირებს, დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს, რომ პროკურატურამ მტკიცებულებათა ნუსხაში შეიტანოს "FBI"-ის დასკვნა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის მომზადებული და როგორც ცნობილია, ჟვანიას გარდაცვალების მთავარი საქმის მტკიცებულებებში დევს.