მორიგი ორშაბათის ვნებანი, ანუ ნუ დაგაბნევთ ორი სათაური – ჩვენს ყავას "ივერიონი" ქვია...
კიდევ ერთი ორშაბათული ორშაბათი გათენდა!
განწყობა არ მკითხოთ , არც თქვენ გკითხავთ... ან რაა საკითხავი, – ორშაბათია რაა!!! სტარტი ჩვენი სიზარმაცისთვის და გამოცდა,– რად და რამდენად გვიღირს ჩვენი სამსახური (თუ დასაქმებული ხართ, რა თქმა უნდა...) თუმცა, ამ სიტუაციიდანაც არის გამოსავალი – მთავარია, ირწმუნო, რომ ყველაფერი გამოგივა. აი მე მაგალითად, დავაჯერე საკუთარი თავი, რომ არ მინდა მუშაობა და ჯერ–ჯერობით გამომდის...
იჩქარეთ! ზარმაცების ხაში მზადდება თბილისში, აი ზარმაცების ყავა – არა...
ეს იმიტომ რომ, ყავის, ისე როგორც სიყვარულის დრო სულააა...
ყავის დალევა სამსახურშიც შეიძლება. მთავარია, ყავა იყოს და არა მოხალულ–დაბრაწული რკო, თხილის ნაჭუჭი , მუხის ქერქი + ნაცარი გემოვნებით( ნაცარი "კარგი ქაფისთვის" ყოფილა საჭირო! ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, როცა "კეთილსინდისიერი" ბიზნესი გაქვს, აბა როგორ?!).
რა ვქნა, თუ გნებავთ, სუბიექტური დამიძახეთ, მაგრამ, ამ ქვეყანაში ყავის კულტურის ასეთ მტრებს და გამაუპატიურებლებს, მაინც ამოვთხრი!
უკაცრავად, აგრესიული ტონისთვის, შევეცდები, ვიყო ჰუმანური, ჰაეროვანი და ადამიანური... აი მაგალითად, მიხარია, რომ ჩემი ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი, ცერის ფრჩხილიდან უკანასკნელ თმის ღერამდე, ისეთი შეყვარებულია, რომ ბედნიერებისგან დამუნჯდა და, იმავე ბედნიერების წყალობით, აღარც სისულელეების ლაპარაკის დრო აქვს და აღარც მათი კეთების სურვილი.
ზოგჯერ საწინააღმდეგო სქესი მაშველი რგოლივითაა – ჩამოიცმევ და ტივტივებ!
ტივტივზე გამახსენდა, ქუთაისური "ნაციონალიზმი" ჩამოიშალაო და რა გაგიჭირდათ ასეთი მაგ საპარლამენტო ქალაქში, ერთი მარკშეიდერი არ გამოჩნდა იგავ–არაკების თაობაზე?
ეჰჰჰ... ჭილყვავებიც კი თავისი ნებით მიფრინავენ ხოლმე იმ გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ მალე ზამთარი მოვა...
ვეღარ გაიგებ რა ხდება! გუშინ გიგი უგულავას მოადგილედ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დაინიშნა. მიდით და ეძებეთ ამ გადაწყვეტილებაში ქვეტექსტები. რას იპოვით, როცა ღია ტექსტით გელაპარაკებიან?
ღიად ალაპარაკდა ბენდუ გუშინ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მომხრე ის მუდამ იყო. ნეტავ აქამდე მაგას სად აფიქსირებდა, თავის კაბინეტში თუ "იუდასთან" აღსარებაზე?
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში სასტუმროს ვხედავო, ბიძინამ. მე პირადად იმ სასტუმროში შესული პირველი სტუმარი მინდა დავინახო. და ისიც, ვინც პირველი დაიქირავებს მიხეილის აპარტამენტებს...წარმომიდგენია, რა საიდუმლოებებს ინახავს ეს კედლები!
მოდით ახლა ალალად ვთქვათ, რამდენი ქალი ინატრებდა მიხეილთან პირის–პირ დარჩენას.
მომწერეთ! მომწერეთ! კომენტარებში გამოთქვით თქვენი სურვილები, აზრები და მიმართვის ტექსტი კომენტარებში ჩაწერეთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამას სააკაშვილი წაიკითხავს, თან თითის გაყოლებით... აბა სხვა რა საქმე აქვს რო?
ჯერ სადაა!.
ჯერ კიდევ შემორჩენილი ექნება ხურდად ჯიბის ფული, მერე ბებო მიაშველებს პენსიას და ინტერნეტის დავალიანებას გადაუხდის. აი მაგისთვისაც ერთადერთი "პრასვეტი" რომ სოციალურ ქსელში "პოსტვა–ლაიქი" იქნება, მაშინ შედგება დიალოგი ჩვენს და მათ შორის, როგორც ტოლი და სწორი, ერთ სიბრტყეზე და 3 განზომილებაში.
სანდრა პოლიტიკური ნიშნით ხომ არ დაითხოვეს სამსახურიდან ნეტავ? არ ქნათ ეგ! არ ააყაყანოთ მსოფლიო... არაა ეგ ცუდი ადამიანი. ერთი დიდი ნაკლი აქვს – სააკაშვილის თანამეცხედრეა ოფიციალური. მსოფლიოს საყაყანოდ, როგორც მიშამ თქვა, ნიგვზიანიც ეყოფა...
გულახდილი სამოსი ტყუილს ვერ იტყვის...
მეფე, თავისი ამალიანად (სეფე ქალებიანადაც) შიშველია...
სამოსელი პირველი...
სამოსელი მეორე...
დღეს 5 ნოემბერია, მართალი იაკობის ხსენების დღე და, ჯერ–ჯერობით, ყველაფერი რიგზეა...
იმდენი რამაა დაანონსებული, ჟურნალისტებს სერიოზული სარბენი ბილიკი გარანტირებული აქვთ. არადა, რომელიმეს გამოტოვებ თუ რა? არ მიხვალ და ეწყინებათ. ერთის მაგივრად, 10 კუდს გამოაბამენ.
მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილს რომ დღეს ბევრი ყური და თვალი მიაშტერდება, უეჭველია... აბა რა ეგონა რკინიგზა რომ "აღადგინა" რუსეთის მიმართულებით?! დღეს "ყველაზე ობიექტური და შორსმჭვრეტელი" "ჟურნალისტები " (ღმერთო ჩემო, რამდენი ბრჭყალი ვიხმარე, მაგრამ, ორთოგრაფიამ მოითხოვა...) აუცილებლად დაუსვამენ კითხვას – როგორი იქნება წყლის და ჰაერის ტემპერატურა 2014 წლის ივლისში რიწის მარცხენა სანაპიროზე? აინტერესებთ და რა ქნან?
დღეს გუგული მაღრაძეს მასპინძლობს "პრაიმ–ტაიმის" პრეს–კლუბი და ამასთან დაკავშირებით ერთი იდეა მაქვს – ქალბატონი გუგული და ქალბატონი ჩიორა რომ დავსვათ ერთ ეთერში, ოღონდ იზოლირებულ სტუდიებში, არ შეიძლება?
ოხ ჩიორა! მესმის შენიც, განა არ მესმის?! ძალიან ცუდია, როცა ხელის გულზე სიცოცხლის და ჭკუის ხაზები პარალელურ სიბრტყეშია...
ჰილარის დაურეკავს მიხეილისთვის. ამის შესახებ ჯერ კიდევ პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქზე. ახდა მიშიკოს ოცნება, პრიორიტეტული გახდა ვირტუალური სამყარო და ამას პრეზიდენტის კანცელარიაც აღიარებს. დავიჯერო, ვანო პრეზიდენტს არ უსმენს და რაც მოისმინა, მარტო ნატოზე საუბრობდნენ ამერიკელი ლედი და ქართველი "დენდი"?
ან რა წესია, შაბათ დღეს საქმეებზე საუბარი...რა იცის ამ ქალმა უდროო დროს დარეკვა. ისე, მიშას ნომერი არ შეუცვლია არჩევნების მერე? რა ვიცი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთელმა მთავრობამ გამოცვალაო – ახალმაც და ძველმაცო და... ეტყობა სააკაშვილს ჰილარის გარდა აღარავინ ურეკავს და მაგას სად დაემალება? რომ გამორთოს, რას არ იფიქრებენ და რა კუდს არ გამოაბამენ?! რთულია და უმადური რამაა პრეზიდენტობა. უქმე დღეებს რომ გემოს ვერ ჩაატან, ესაა ცხოვრება?
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერიც კი არ იკადრებს შაბათს საქმეზე და პოლიტიკაზე საუბარს და იმ დემოკრატიის სამშობლო აშშ–ში რა ნატო და ინტეგრაცია აუტყდათ? ისე, რა დამთხვევაა! წინასაარჩევნოდ საქართველოშიც და ამერიკაშიც რა ქარიშხალმა ჩამოიქროლა... მასშტაბებში კი იყო განსხვავება საბედნიეროდ... ჩვენ, კიდევ კარგი, მაგდენზე ჯერ არ გვაქვს პრეტენზია... იმ ქარიშხალმა და სტიქიით დაზარალებულ ხალხზე "ზრუნვამ" სახელისუფლებო პარტია სერიოზულად დააზარალა. არ მოისვენეს, "მეტი სარგებელი ხალხსო!" – და ჰა! ჰოდა, მისტერ ობამა! რა ვიცი, რა ვიცი...
მაგ პარტიის ლიდერი რა დღეშიცაა, ყველას მოგეხსენებათ – ერთი რეზიდენცია ქონდა ავლაბარში თავის ხუშტურებზე მოწყობილი და მეორე, მრჩევლები ყავდა თავის ნებაზე შერჩეული. ახლა ისე შეავიწროვეს, რომ 2 დღის წინ, იძულებული გახდა, ვერა ქობალია და ნინო კალანდაძე აეყვანა "მრჩევლებად"... ჰო–ჰო მრჩევლებად! რა გაგიკვირდათ? ახლა "იმას" მასე ქვიაო და ახლოს რომ მიხვალ, რა იცი, რა დაგხვდება?!.
ისე, ეს ორი სათაური არასოდეს ამართლებდა საქართველოში. აბნევს მკითხველს...
"ივერიონის" მკითხველსაც მასე დაემართა, თავიდან კინაღამ "ივერონი" ვეგონეთ... ზოგს ახლაც ვგონივართ და გაზზე და ელექტრო ენერგიაზე განახევრებულ ტარიფიან ქვითრებს ჩვენს რედაქციაში ითხოვს.
არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვინც მასე სასტიკად გაგეხუმრათ. ჩვენ "ივერონს" გამორიდებული ჟურნალისტები ვართ, ის კატეგორია, სხვა პროფესია რომ არ აქვთ, ბოლომდე პური კლავიატურაზე კაკუნით რომ უნდა ვჭამოთ, ამ ქალაქში დავრჩეთ და საკუთარი თვალების რომ არ უნდა გვრცხვენოდეს სარკეში. ბევრმა გვირჩია, ეგებ სახელი შეგეცვალათო! "ივერონი" მაინც ვიღაც–ვიღაცეებთან ასოცირდებაო... ეგ ჩვენც ვიცით, ვფიქრობთ მაგაზე, მაგრამ, ისევ ჩვენს ანგარიშზე ვრისკავთ – უბრალოდ ის შრომა გვენანება, რაც "წინა ცხოვრებაში" გავწიეთ და რა რეიტინგიც პროფესიონალიზმის ხარჯზე "ივერონმა" შეიძინა.
ვეცდებით, მალე დაგანახოთ განსხვავება ორ სააგენტოს და იმ ერთ ასოს შორის. ჩვენთვის მთავარი მხარდაჭერა, თქვენი ნდობაა, მაგრამ, ისიც გვესმის, რომ ნდობას მოპოვება უნდა... ჰოდა დავლევ ახლა ამ გაციებულ ყავას და მივხედავ საქმეებს...
არ დაგავიწყდეთ, მხოლოდ სადარბაზოს წინ მსხდომმა ჭორიკანა ბებოებმა იციან ზუსტად, ვინ მოკლა კენედი...
ყავამშვიდობისა!
კატო ჩულაშვილი