ზურაბ ჯაფარიძე: არა მგონია ამ მთავრობას რაიმე მიღწევა ჰქონდეს!
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიან პერიოდს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აფასებენ.
უმცირესობის წევრთა განცხადებით, მმართველმა გუნდმა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მთავარ გამოწვევებს ვერ უპასუხა.
"მე არა მგონია რაიმე მიღწევა ჰქონდეს ამ მთავრობას. ძირითადი გამოწვევა ეკონომიკური ზრდა იყო, რასაც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეექმნა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორ მცირდება სამუშაო ადგილები, გაზრდილია კრიმინალი და გვესმის დასავლელი მეგობრების კრიტიკა, რაც მომავალში ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების შემცირების საფუძველია," - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
უმცირესობის კიდევ ერთი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" 2-წლიანი მუშაობის შედეგების ყველაზე ობიექტური შემფასებელი ხალხია.
"დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთ სოციალურ ჯგუფს, რომელიც მთავრობის საქმიანობას დადებითად შეაფასებს. სამუშაო ადგილები დღითიდღე მცირდება, გაზრდილია კრიმინალი და ეს ჩანს ყველა სოფელსა და ქალაქში," - ამბობს პავლე კუბლაშვილი.