ირაკლი ღარიბაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი იდეალურად არ ხდება!
"შეიძლება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, და ეს ბუნებრივიც არის",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმა კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლისთავი შეაფასა.
"სწორედ იმიტომ, რომ თავისუფლება და დემოკრატია ასე ძნელად მოვიპოვეთ, ამ მონაპოვარს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ ურთულესი მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ გავიარეთ ორი უმნიშვნელოვანესი წელი, თავისი სირთულეებითა და გამოწვევებით. ჩვენ დაგვჭირდა სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა. და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო",-განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და კანონზე მაღლა არავინ დგას.
"ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. სწორედ მედიის დამოუკიდებლობითა და სიძლიერით იზომება, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია. ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად საამაყოა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა.
ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ამის დასტურია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც არის ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმა.ჩვენი მთავარი მიზანი არის, რაც მე არაერთხელ მითქვამს, მშვიდობიანად, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენი ერი.
ამ ორმა წელიწადმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში განვლო. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა, და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესი ჩვენი ხელისუფლების უპირველესი მონაპოვარია.
ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა არის ყველასთვის საერთო მიზანი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მიზანი. ეს უნდა იყოს მიზანი ყველა მოქალაქისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, ბიზნესისა თუ მედიასაშუალებისათვის. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ წინსვლა და ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ერი, ერთხელ და სამუდამოდ, დავაყენოთ სწორ გზაზე",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებაც და ხალხიც, ახლა რთულ და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდს გადის.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, ღირსეულად გავივლით ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპს.შეიძლება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, და ეს ბუნებრივიც არის. მაგრამ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს და განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს.
წინ ძალიან ბევრი მუშაობა გველის. ჩვენი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ შრომა. უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა, რათა ჩვენი ხალხისთვის შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა თითოეული ოჯახისთვის. ჩვენ ვახორციელებთ და უნდა განვახორციელოთ მეტი ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რასაც წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება. მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზას ადგას. ჩვენ ვაშენებთ ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელთა შერყევას ვერავინ შეძლებს მრავალი წლის განმავლობაში; ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელში ცხოვრებაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება საამაყო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას 1-ელ ოქტომბერს. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვება, მათ შორის მათიც, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.