კახი კალაძე: ელექტროენერგიაზე ტარიფი 21% -ით შემცირდა!
ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიან პერიოდს აფასებს.
"21% -ით იქნა შემცირებული ელექტროენერგიაზე ტარიფი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 110 მილიონი ლარი დაზოგა, ეს თანხა დარჩა ადგილობრივ მოსახლეობაში. მოვახერხეთ ის, რომ 5%-ით შევამცირეთ ფასი ბუნებრივ აირზე.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი - ის, რომ ჩვენ პენსია 150 ლარამდე გავზარდეთ, დახმარებები, ფაქტობრივად, გაორმაგდა. ეს ყველაფერი არის ძალიან ცოტა, ეს ძალიან კარგად გვესმის ჩვენ.ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია. მოგვარდება, მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა",-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" მოიგო. მათ ხმა მისცა მილიონ 184 588 ამომრჩეველმა, რისი პროცენტული მაჩვენებელიც 54,85-ია. "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არჩევანი ამომრჩეველთა 40,43%-მა გააკეთა, რაც 872 336 ამომრჩეველს უდრის.